მანუელ პელეგრინი: “საპასუხო მატჩში დავიდ სილვა დაგვაკლდება”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის “ეტიჰადზე” გამართული პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩი “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ შეაჯამა.
“მჭიდრო თამაში გამოვიდა. თავი კარგად დავიცავით. სანამ დავიდ სილვა ტრავმას მიიღებდა, ეპიზოდების შექმნას ვცდილობდით. იძულებითი ცვლილების შემდეგ ბურთს ხშირად ვკარგავდით. გამარჯვება თუ არ გამოდის, უგოლო ფრეც კარგი შედეგია.
ვიცოდით, რომ “რეალი” ნელ ტემპში ითამაშებდა, ამიტომაც მივმართავდით პრესინგს. გოლი ვერ გავიტანეთ.
მიმდინარე სეზონში გასვლით მატჩებში კარგად ვთამაშობთ. როგორც შინ ვითამაშეთ, ისეთივე დამოკიდებულებით ჩავატარებთ მადრიდში გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, “რეალი” ცოტა უფრო მეტად შეგვიტევს. წყვილის პირველ მატჩში ბევრი არაფერი შეცვლილა, ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.
დავიდ სილვამ ბარძაყის ტრავმა მიიღო და ერთ კვირაში მომჯობინებას ვერ მოასწრებს”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ წყვილის განმეორებითი მატჩი 4 მაისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.