ფომენკო: “იმედია, ფეხბურთელებს ჭკუა ეყოფათ, რომ კონფლიქტი ნაკრებში არ გადმოიტანონ”
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილო ფომენკომ დონეცკის “შახტარსა” და კიევის “დინამოს” შორის გუშინ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ “შახტარმა” “დინამო” ანგარიშით 3:0 გაანადგურა, მესამე გოლს კი ფეხბურთელთა შორის ჩხუბი მოყვა, რომელშიც უკრაინის ნაკრების რამდენიმე წევრი მონაწილეობდა. “დინამოს” მოთამაშეებს “შახტარის” ნახევარმცველის, ტარას სტეპანენკოს ჟესტი არ მოეწონათ, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. საბოლოო ჯამში, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ანდრეი იარმოლენკო, ტარას სტეპანენკო და ალეკსანდრ კუჩერი გააძევა.
“რა აზრი აქვს ნერვიულობას, როდესაც პრობლემები გაქვს გადასაჭრელი. თუ ისინი ერთმანეთთან კინკლაობას გააგრძელებენ, საქმით არასოდეს დაკავდებიან. ეს მათ კარგად ესმით.
იმედი მაქვს, რომ ნაკრებში კონფლიქტები არ იქნება. იმედია, ბიჭებს ჭკუა ეყოფათ იმისთვის, რომ ეს უთანხმოება ნაკრებში არ გადმოიტანონ. ერთად მოგვიწევს დიდი ხნით ყოფნა, ერთად მოვემზადებით მატჩებისთვის. საქმე რომ არ გაფუჭდეს, ეს ინციდენტი უნდა დავივიწყოთ. მათ მაგივრად ამას ვერავინ ვერ გააკეთებს”, – ციტირებს მიხაილო ფომენკოს სიტყვებს depo.ua
შეგახსენებთ, რომ უკრაინელებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანელებთან, ჩრდილო ირლანდიელებთან და პოლონელებთან მოუწევთ დაპირისპირება.