ირაკლი ლილუაშვილი: “აკადემიის მიზანი რეგიონებიდან პოტენციალის მქონე მოზარდების მიღებაა”
15-19 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ხელმძღვანელები, მწვრთნელები და ექიმები შვეიცარიაში, უეფას ეგიდით გამართულ სემინარზე იმყოფებოდნენ. სემინარზე საქართველოს გარდა წარმოდგენილი იყო მაკედონიის, სომხეთის და ბელარუსის აკადემიები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია 2015 წელს გაიხსნა. აკადემია უეფას პროექტია, რომლის მიზანია ფეხბურთელების განვითარება და ნიჭიერ მოთამაშეებად ჩამოყალიბება. უეფა ამ პროექტს ოთხ ქვეყანაში ახორციელებს: მაკედონიაში, სომხეთში, ბელარუსიაში და საქართველოში. პროექტი მოიცავს ორი ასაკობრივი გუნდის მომზადებას – 14 წლამდელთა და 15 წლამდელთა. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით, ამ ორ ასაკობრივ გუნდს კიდევ ერთი ასაკი, 16 წლამდელთა გუნდი დაემატა.
ამ დროისთვის აკადემიაში სულ 66 ბავშვი ირიცხება. მათ სამწვრთნელო მომზადებაზე შემდეგი გუნდი ზრუნავს: 2000 წლიანების მთავარი მწვრთნელი არის გიორგი მიქაძე, 2001 წლიანების – გიორგი ნემსაძე და მას გიორგი ხიზანიშვილი ეხმარება, ხოლო 2002 წლიანებთან პაატა მეტრეველი მუშაობს. ფიზიკური მომზადების მწვრთნელები არიან ბონდო გოცირიძე და შვეიცარიელი ტომას რიჩარდი.
ირაკლი ლილუაშვილი, სფფ-ს აკადემიის დირექტორი:
შვეიცარიაში სემინარი ჩაგვიტარა პიერ-ლუიჯი კოლინამ, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, ჩელსის და პსჟ აკადემის ხელმძღვანელმაც ჩაატარეს სემინარი. გაგვაცნეს ის ხედვა, თუ რა ხედვით მიმდინარეობს მუშაობა აკადემიებში, თუ რა პრიორიტეტები ენიჭება და რას აქცევენ ყურადღებას და ზოგადად როგორ მუშაობენ, თუ რა ამოცანას ისახავენ, რაც ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო. ასევე სემინარი ჩაგვიტარა ვამევალ ტესტის შემქმნელმა და გვაჩვენა ბევრი დეტალი ამ ტესტირების შესახებ. სემინარის მონაწილეებს წარმოგვიდგინეს ის ყველაფერი, რასაც მოიცავს ვამევალის ტესტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ფიზ-მომზადების მწვრთნელებისთვის. ასევე საუბარი იყო ანტი დოპინგის შესახებ, ესეც ჩვენი ექიმებისთვის მნიშვნელოვანი იყო. მთლიანობაში, ეს სემინარი იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ მივიღეთ ბევრი ახალი ინფორმაცია.
ამის შემდეგ, იმ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები, სადაც უეფა ამ პროექტს ახორციელებს, ერთმანეთს და უეფას წარმომადგენელს ვაცნობებდით ჩვენი აკადემიის შესახებ ინფორმაციას. ასევე ვისაუბრეთ და დაიგეგმა ტურნირი მაკედონიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს სომხეთი, ბელარუსია, საქართველო და მაკედონია.
ასევე დავესწარით UEFA Youth League U-19 ანუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალებს და ფინალს, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ჩელსი-ანდერლეხტი და პსჟ-რეალ მადრიდი. ჩვენ შეგვხვდა „პსჟ“-ს ანალიზის გაკეთება, რომელმაც ფინალში „ჩელსისთან“ 1:2 წააგო და მართლაც, ვნახეთ თამაში, სადაც თვალსაჩინო იყო მათი ფიზიკური მომზადება და სწორი, ტაქტიკური გამართული თამაში.
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესები აკადემიაში?
ბაზაზე ფეხბურთელები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით რჩებიან. პარასკევს თამაშის შემდეგ ვუშვებთ სახლებში. უეფას რეკომენდაციაა, რომ ორი დღე ბავშვებმა ოჯახში უნდა გაატარონ. მინდა აღვნიშნო, რომ აკადემიაში არსებულ 2 ასაკობრივ გუნდს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით კიდევ ერთი ასაკი, 16 წლამდელთა გუნდი დაემატა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ 15 წლის ფეხბურთელებს უჩნდებათ შანსი კიდევ ერთი წელი გაატარონ სფფ-ს აკადემიაში და მათი ჩამოყალიბების პროცესი იქნას გახანგრძლივებული. ეს კი საშუალებას იძლევა მათმა მომავალმა კლუბებმა შედარებით მზა პროდუქტი მიიღონ. უფროსი ასაკობრივი ჯგუფის დამატების ინიციატივა და შემდგომ ამის განხორცილება მოწონებული იქნა უეფას ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების სამსახურის მიერ .
ის ტალანტი ფეხბურთელები, რომლებიც რეგიონებში არიან და ვისაც საშუალება არ აქვთ, ვიწვევთ აკადემიაში, რადგან ჩვენთან არის საცხოვრებელი, კვება, სკოლა, ექიმები, დიდი ყურადღება ექცევა ფიზ-მომზადებას. ეს არის მიზანი, რომ ასეთი ფეხბურთელები ავიყვანოთ და გავზარდოთ. გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს გუნდებს.
რომელიმე სკოლასთან მემორანდუმი ხომ არ არის დადებული, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ?
განათლების სამინისტროსთან გვაქვს შეთანხმება და ბაზასთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლაში სწავლობენ. დილით ავტობუსს მიჰყავს ფეხბურთელები, მიდიან სკოლაში, სადაც კლასებში ჩვეულებრივ ნაწილდებიან – არ არის სპეციალურად ამ ბავშვებისთვის გამოყოფილი კლასი, ჩვეულებრივ სხვა ბავშვებთან ერთად სწავლობენ. სკოლის შემდეგ, როდესაც ბრუნდებიან, სადილობენ. გვყავს რეპეტიტორები დაქირავებული, რომლებიც ეხმარებიან სწავლაში. ასევე უცხო ენებზე კეთდება აქცენტი.
სწავლის შემდეგ გადიან სავარჯიშოდ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ აქვთ ვახშამი და თავისუფალი დრო, სადაც ერთვება თეორია, მწვრთნელთან დისკუსია, გასაუბრებები როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.
შედეგი თუ არის უკვე და თუ წავიდა აკადემიიდან რომელიმე ფეხბურთელი სხვა გუნდში?
ამ წელიწადნახევრის შედეგად შედეგი გვაქვს. 2000 წლიანებიდან რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც ამ პროექტის დასრულება უწევთ, კაკაბაძე ლუკა, არჩვაძე სერგი, ანდრიაძე გიორგი და მორჩილაძე ზურა, გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე „ლოკომოტივში“. ასევე 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელი, ჩარკვიანი ვახო საქართველოში ყველაზე წარმატებულმა თბილისის „დინამოს“ აკადემიამ წაიყვანა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი იმყოფება „დინამოს“ და სხვა აკადემიების თვალთახედვაში.
ასევე აღსანიშნავი ფაქტია 16 წლამდელთა ნაკრები, რომელიც ბულგარეთში განვითარების ტურნირზეა წასული. ნაკრებთან ერთად იმყოფება ჩვენი 15 წლის ფეხბურთელი, გიორგი გულიაშვილი.
ორიოდე სიტყვით მინდა სელექციაზეც ვთქვა. 2003 წლიანებში ზაფხულში სელექციას ვატარებთ. 2003 წელს დაბადებული ნიჭიერი ფეხბურთელები უკვე გუნდებში არიან გადანაწილებულნი. ჩვენ რეგიონებში, გუნდებში ვეძებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ ამ აკადემიებში. სწორედ ამ ბავშვებით გავდივართ ფონს. რა ფონზეა საუბარი – ჩვენ ერთი წლით დიდ ასაკის ბავშვთა საფეხბურთო ელიტ ლიგაში გამოვდივართ და საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ, სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ.
სფფ-ს აკადემია დამატებითი შანსია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც გარკვეულ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილეს წარმატებული აკადემიების მოთხოვნები. იყო და არის შემთხვევები, როცა ზემოთხსნებული ფეხბურთელები აკადემიაში ჩარიცხვიდან მოკლე ვადებში კვლავ გახდნენ საინტერესო ფეხბურთელები უმაღლესი ლიგის კლუბების აკადემიებისთვის. ამასთანავე, აკადემიის ასაკობრივი გუნდები ტურნირებზე, რომლებზეც მონაწილეობენ, კონკურენტუნარიანები არიან და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციებს იკავებენ, რაც ცხადყოფს აკადემიის კომპლექსური მიდგომის (სამწვრთნელო მეთოდები, სამედიცინო უზრუნველყოფის მაღალი ხარისხი, ჯანსაღი კვება, ფიზმომზადების სპეციალური კურსები, ფეხბურთელების ერთად ცხოვრება) მნიშვნელობას მოზარდი ფეხბურთელების მომზადება-განვითარებაში.
არ ვამბობ, რომ ჩვენი აკადემია სრულყოფილია. ყველა ასაკში არ გვყავს ფეხბურთელები, მაგრამ ვინც გვყავს, მათთვის სრულყოფილად სრულდება ყველაფერი, რათა განვითარდნენ. საქართველოში ასეთი პრეცენდენტი არ არის, რომ მთლიანი გუნდი ერთად ცხოვრობდეს. დღეს თბილისის „დინამოს“ აკადემია ყელაზე პრესტიჟულად ითვლება. თუმცა, იქაც კი არ არის, რომ მთლიანად გუნდი ერთად ცხოვრობდეს.
სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ეს აკადემია გვავალდებულებს, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც არიან რეგიონებში და არ მიეცათ განვითარების შანსი, სწორედ მათთვის იყოს აკადემია, რათა აქ მოხვდნენ პოტენციალის მქონე მოზარდები. ჩვენი მიზანია ჩვენ ავიყვანოთ და სრულყოფილად განვითარდნენ.
აღასანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციას გუნდი არ უნდა ჰყავდეს და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ფედერაციის გუნდი. ეს არის უეფადან ჩამოტანილი პროექტი, რომელიც უნდ გამოვიყენოთ საქართველოსთვის. ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენი ქვეყნისთვის, გუნდებისთვის უნდა გამოიყენოს სასიკეთოდ. ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან მოემზადებიან და გაივლიან აკადემიას, გუნდები წაიყვანენ და შემდეგ იქ გააგრძელებენ კარიერას.
ჩვენი მიზანია ასევე, რომ აკადემიაში გაზრდილი ბავშვები ნაკრებში მოხვდნენ. ფეხბურთელებს სულ იმას ვეუბნებით, რომ აკადემიიდან რაც შეიძლება მეტი ცოდნა წაიღონ და თავიანთი კარიერა უკვე კლუბებში ააწყონ.
ბავშვების მიღება როდის ხდება ხოლმე?
მიღებას რაც შეეხება, ყოველ 6 თვეში ერთხელ სელექციას ვაწარმოებთ. 2003 წლიანებში ერთი სასელექციო თამაში უკვე ჩატარდა. შევარჩიეთ ოცამდე ფეხბურთელი. ეს მოთამაშეები იყვნენ როგორც რეგიონიდან, ასევე თბილისიდან. რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შერჩეულია და მწვრთნელებს თავიანთ თვალთახედვაში ჰყავთ. ვაგრძელებთ სასელექციო კუთხით შეკრებებს. გვყავს სელექციონერები, რომლებიც დადიან თამაშებზე, ვაკვირდებით ფეხბურთელებს. შემდეგ, ამ ფეხბურთელებს ვეპატიჟებით და ჩვენთან გადიან სასელექციო შეჯიბრებებს. ბოლოს უკვე 22 ფეხბურთელს აკადემიაში ვიტოვებთ.
სფფ-ის პრესსამსახური