ორმაგი დარტყმა მადრიდელებს: კეილორ ნავასისა და გარეთ ბეილის ტრავმები დადასტურდა
მადრიდის “რეალის” ორი მთავარი ფეხბურთელი, კეილორ ნავასი და გარეთ ბეილი გუნდის დახმარებას უახლოეს მომავალში ტრავმის გამო ვერ შეძლებს.
ბეილს მუხლთან მდებარე კუნთი აქვს დაჭიმული, ნავასმა კი “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში კოჭი დაიზიანა. თუმცა, ჯერჯერობიტ უცნობია, თუ რამდენ ხანს გაატარებენ ისინი ლაზარეთში.
როგორც იცით, უელსელი ფორვარდი ბოლო დროს მართლაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. ბეილმა საშინაო ჩემპიონატში “რაიოსა” და “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მოახერხა გაბრწყინება, მანამ სანამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტ გოლს გაიტანდა.
კეილორ ნავასი კი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში მან 43 მატჩიდან 21-ში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
ესპანური გრანდი მომდევნო მატჩებს “ვალენსიასა” და “დეპორტივოს” წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება.