დიეგო მილიტო დღეს კარიერის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს
არგენტინული “რასინგის” თავდამსხმელი დიეგო მილიტო დღეს კარიერის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. ამის შესახებ არგენტინელმა ფეხბურთელმა თავადვე განაცხადა.
“ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იქნება. ჯერ კიდევ არ ვიცი, რა რეაქცია მექნება. ბოლო ნახევარი წელიწადია კარიერის დასრულებაზე ვფიქრობ, მაგრამ მაინც ძალიან რთულია საყვარელი საქმისთვის თავის დანებება.
ყოველთვის მინდოდა, რომ კარიერა “რასინგში” დამესრულებინა. შინ ვარ, ეს მამშვიდებს და მაბედნიერებს. მადლობას ვუხდი “ჯენოას”, “სარაგოსასა” და “ინტერს”. ამ კლუბებმა ძალიან ბევრი რამ მომცეს, მაგრამ “რასინგი” ჩემი სახლია. შესანიშნავი კარიერა მქონდა”, – ციტირებს მილიტოს კომენტარს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ “ინტერის” რიგებში დიეგო მილიტომ იტალიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ჩემპიონთა ლიგის 2009-2010 წლების სეზონის ფინალურ მატჩში არგენტინელმა თავდამსხმელმა მიუნხენის “ბაიერნის” კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, მილიტომ “რასინგის” რიგებში არგენტინის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო.
“რასინგი” დღეს “ტემპერლეის” ეთამაშება.