იტალიის თასის ფინალში “იუვენტუსმა” “მილანი” დაამარცხა (ვიდეო)
რომის “სტადიო ოლიმპიკოზე” “მილანსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის იტალიის თასის ფინალური მატჩი ჩატარდა. შეხვედრა “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას “მილანი” ფლობდა, თუმცა “როსონერი” მომენტების რეალიზაციაში მოიკოჭლებდა. შეხვედრის მეორე ნახევარში თამაში შედარებით გათანაბრდა, ტაიმის ბოლოს კი ტერიტორიულ უპირატესობას ტურინელები დაეუფლნენ. ძირითადი 90 წუთი უგოლოდ მიილია, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
შეხვედრის 110-ე წუთზე ის ერთადერთი გოლი გავიდა, რომლის წყალობითაც “იუვე” იტალიის თასის გამარჯვებული გახდა. ხუან კუადრადომ მეტოქის საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილ ალვარო მორატას ჩაუწოდა, ესპანელმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი “მილანის” კარში და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ მორატა ამ ეპიზოდში მოედანზე ორი წუთის შესული იყო.
ამრიგად, “იუვენტუსმა” იტალიის თასი მე-11-ედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ეს ტიტული “რომას” ცხრაჯერ, “ინტერს” კი შვიდჯერ აქვს მოგებული.
იტალიის თასი
ფინალი
“მილანი” — “იუვენტუსი” 0:0 (დ.დ. 0:1)
გოლი: მორატა 110′.
გაფრთხილებები: საპატა 50′, ჰონდა 88′, ნიანგი 101′, მაური 119′ — პოგბა 62′, ბარძალი 105′, კიელინი 116′, მორატა 119′, რუგანი 120+2′.