საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ქუთაისში გაირკვევა
„ქუთაისთან“ ფინალური სერიის მესამე მატჩის 34 ქულით (60:94) წაგების შემდეგ თბილისის „დინამომ“ მეოთხე შეხვედრა 70:56 მოიგო და სერიაში ანგარიში მეორედ გაათანაბრა.
პირველი მეოთხედი „დინამომ“ 6-ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო, თუმცა დიდი შესვენების წინ სტუმრები 2 ქულით დაწინაურდნენ (32:34). სათქმელია, რომ მეოთხე მეოთხედის პირველ ნაწილში „დინამო“ ანგარიშით 32:24 იგებდა, თუმცა მეოთხედის მეორე ნაწილში ერთი ქულის ჩაგდებაც ვერ მოახერხა. ამ პერიოდში „დინამოს“ მხრიდან 11 ქულით საუკეთესო გიორგი შარაბიძე იყო, „ქუთაისიდან“ კი 10 ქულით ზაურ ფაშაევი გამოირჩა.
მეორე მეოთხედის ბოლოს პასიურობამ „დინამოზე“ მესამე 10-წუთიანი პერიოდის დასაწყისში ნაკლებად იმოქმედა და გუნდმა უპირატესობის დაბრუნებაც მოახერხა, ხოშტარიას გუნდმა გადამწყვეტი მეოთხედის წინ 9 ქულით დაწინაურება შეძლო და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
სტატისტიკურად, გამარჯვებულთა რიგებიდან ამ მატჩში 15 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით საუკეთესო მაქსიმ კოვაჩევიჩი იყო. 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი კი მიხეილ ბერიშვილმა მიითვალა. „ქუთაისიდან“ 18 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით ზაურ ფაშაევი გამოირჩა.
ამგვარად, საქართველოს ჩემპიონის ვინაობა სერიის მეხუთე მატჩში გაირკვევა, რომელიც ქუთაისში შედგება.
„დინამო“ – „ქუთაისი“ 70:56 (18:12, 14:22, 23:14, 15:8)