სოლომონ კვირკველია მოსკოვის “სპარტაკში”?
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ყურბან ბერდიევი “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი გახდება, ის თავის გუნდში რუსეთის ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეების გადაბირებას შეეცდება. საუბარია სოლომონ კვირკველიაზე, ირანელ სარდარ აზმუნსა და ეკვადორელ კრისტიან ნობოაზე.
ბერდიევი, რომელიც ამჟამად “როსტოვის” თავკაცია, 2013 წლამდე ყაზანის “რუბინს” წვრთნიდა, ამიტომ ის კვირკველიას კარგად იცნობს.
შეგახსენებთ, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი “რუბინში” 2010 წლიდან ირიცხება და ის ამჟამად თავისი გუნდისათვის დიდ ძალას წარმოადგენს. ცნობილია, რომ მისით რამდენიმე თვის წინ დორტმუნდის “ბორუსია”, “სევილია”, “ნაპოლი” და სხვა ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.
ცნობისთვის, “რუბინმა” რუსეთის ჩემპიონატი მე-10 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო “სპარტაკმა”, რომლის ღირსებასაც ჯანო ანანიძე იცავს, მე-5 ადგილი დაიკავა.