სფფ-ს და კოკა-კოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)
25 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.
მემორანდუმს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და კოკა-კოლას გენერალურმა მენეჯერმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.
ამავე დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით „კოკა-კოლას თასი 2016“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრები გაიმართა და ფინალური ეტაპის მონაწილე 11 ვაჟთა და 5 გოგონათა გუნდი გამოვლინდა.
„კოკა-კოლას თასი 2016-მა“ სტარტი 7 მაისს აიღო და მასში მონაწილეობა ქვეყნის 109 რეგიონის 1000-ზე მეტი სკოლის 10000-მა მოსწავლემ მიიღო. რეგიონების გამარჯვებულები – ვაჟთა 20 გუნდი და გოგონათა 12 გუნდი ფინალურ ეტაპზე კვარიათში გაემგზავრება, სადაც 10 დღის განმავლობაში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ „კოკა-კოლას თასი 2016“-ის გამორჩეული ფეხბურთელები რეგიონალურ ნაკრებებში მოსინჯავენ ძალებს,რაც თითოეული მოზარდისათვის პროფესიულ კარიერაში წინსვლის დამატებით მოტივაციას წარმოადგენს.
სფფ-ს პრესსამსახური