დიეგო სიმეონე — მატჩამდე თქმული
დღეს ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩია — მადრიდის “რეალი” თანაქალაქელი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“დაძაბული თამაში იქნება, განსაკუთრებით მატჩის დასაწყისში. მეტოქე ბურთის დაკარგვის შემთხვევაში, კაზემიროს დახმარებით გადაწყობას კარგად ახერხებს და თავდაცვას აძლიერებს. ასე რომ, მატჩის დასაწყისში მოედნის ცენტრში რომელი გუნდიც იმარჯვებს, ის მიიღებს უპირატესობას. “რეალს” ძალზედ ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, რაც მეტოქეს საშუალებას აძლევს, რომ უფრო გახსნილად ითამაშოს.
ჩვენს გუნდში ყველა იმაზე მუშაობს, რომ განვითარდეს. ცხოვრება ასეთია – მუშაობ, მუშაობ, მუშაობ და სასურველ მიზანს აღწევ. ეს უმთავრესი ფასეულობაა ამ კლუბში.
ფინალში მონაწილეობა ფანტასტიური გრძნობაა, მოგება კი – კიდევ უკეთესი. ეს საშუალებას გაძლევს, რომ ამ მომენტის დადგომაზე კიდევ ერთხელ იოცნებო. მუდმივად უნდა ცდილობდე განვითარებას, შემადგენლობის განახლებას, უნდა დარჩე ღირებულებების ერთგული, უნდა გიყვარდეს მუშაობა. თუ თავჩაუხრელად იმუშავებ, ბევრს მიაღწევ.
ჩვენს თამაშში ბევრს არაფერს შევცვლით. ბევრს არაფერს შეცვლის არც “რეალი”. ჩვენი მეტოქე 2014 წლის შემდეგ ბევრად არ შეცვლილა. ჩვენ უფრო შევიცვალეთ, თუმცა სტრუქტურა შევინარჩუნეთ. კაზემირო “რეალს” კონტრშეტევებზე კიდევ უფრო სახიფათოდ აქცევს. ასე თამაშობდა გუნდი ნახევარფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგაც. მატჩის მიმდინარეობა სხვადასხვა სიტუაციებს გთავაზობს, თუმცა თუ “რეალს” უპირატესობას დაუთმობ, მეტოქე ძალზედ სახიფათო გახდება.
მომწონს 113-წლიანი ისტორიის საკუთარი მხრებით ტარება, მომწონს ეს წნეხი. მე მხოლოდ გამარჯვება დამაკმაყოფილებს”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
“რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დღეს, მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.