დიეგო სიმეონე — მატჩის შემდეგ თქმული
მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების გამარჯვებულია. “სამეფო კლუბმა” პენალტების სერიაში თანაქალაქელი “ატლეტიკო” დაამარაცხა და ტიტულის მფლობელი მე-11-ედ გახდა.
მატჩის შემდეგ დამარცხებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად გულშემატკივრებზე დარდობს.
“პირველ რიგში, “რეალს” ამ გამარჯვებას ვულოცავ. მეტოქემ კვლავ დაგვამარცხა, ამჯერად პენალტების წყალობით.
მატჩი ცუდად დავიწყეთ, თუმცა მე-20 წუთიდან უფრო ორგანიზებულად ვმოქმედებდით. მეორე ტაიმის დებიუტშივე შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ არ გამოგვივიდა.
არ ვიცი, რა უფრო მტკივნეულია. ყველაზე მეტად ჩვენი ფანების ცრემლები მტკენს გულს. მათ თანხა გადაიხადეს, რომ მატჩისთვის ტრიბუნიდან მიედევნათ თვალყური. ჩვენი გუნდის ქომაგებმა ვერ მიიღეს ის, რაც სურდათ და ამის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ეს ნამდვილად გულსატკენია”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.