3X3 კალათბურთის ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიასთან მეოთხედფინალი ბოლო წამებზე – 14:17 დათმო
საქართველოს 3X3 კალათბურთის 8-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრამდე მცირედი დააკლდა. ქართველებმა, რომლებმაც ჯგუფში 4-დან 3 მატჩი მოიგეს და მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალში გავიდნენ, პლეი ოფში იტალიას შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 14:17 წააგეს.
საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდში გასვლა საპატიო შედეგია და ამით ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა დასანანი ისაა, რომ ნახევარფინალში გასვლა რეალური იყო. დავით აფხაზავამ, ნიკა დარბაიძემ, გიორგი კორსანტიამ და ნიკა ლოლიშვილმა ტოლი არაფერში დაუდეს იტალიელ ოპონენტებს, მთელი თამაშის მანძილზე სოლიდურ პაექრობას უწევდნენ ჯგუფური ეტაპის ყველაზე შედეგიან გუნდს, თუმცა ბოლო წამებზე დაშვებული 1 შეცდომის გამო წააგეს
მატჩის დასრულებამდე ოციოდ წამით ადრე 2 ქულით ჩამორჩენილმა ქართველებმა შეტევა წამოიწყეს და ჩვენმა გამთამაშებელმა, დავით აფხაზავამ სწრაფი გარღვევით ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება განიზრახა, თუმცა სამწამიანში შესვლისას ბურთი დაკარგა და იტალიელებმა ბოძებული შანსი შეირგეს. ჩვენმა მეტოქემ, ბურთი გაათამაშა, ხოლო ქართველებმა ტაქტიკური ჯარიმებით ვერ მოახერხეს შედეგის მიღწევა და იტალიელებმა ზუსტი საჯარიმოთი შეხვედრას სათავისო წერტილი დაუსვეს – 17:14.
იტალიელებმა ქართველებს ფარქვეშ ვერ აჯობეს. ერთადერთი, რაშიც მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა, შორი სროლებია. იტალიელებმა ჩვენზე გაცილებით მეტი სამქულიანი ჩააგდეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ჩვენს მატჩამდე გამართულ პირველ მეოთხედფინალში ბრაზილიამ სლოვენიას 19:13 აჯობა და ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება. დარჩენილ მეთხედფინალებში არგენტინა ყატარს შეხვდება, ხოლო ახალი ზელანდია – ურუგვაის.
superleague.ge