ევა კარნეირომ “ჩელსისგან” კომპენსაციის სახით 1,2 მლნ ფუნტის მიღებაზე უარი თქვა
ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა ფიზიოთერაპევტმა ევა კარნეირომ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კლუბში მუშაობის პერიოდში არაერთხელ გახდა ვიქტიმიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი.
“კოლეგებისგან ჩემი მისამართით რეგულარულად მესმოდა ღია ტექსტები. ცნობილი ინციდენტის შემდეგ მოურინიომ თქვა, რომ ამიერიდან მე არა მასთან, არამედ ქალთა აკადემიის გუნდთან ვიმუშავებდი”, – ციტირებს კანეიროს სიტყვებს “ტელეგრაფი”.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოს თვეში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს “პენსიონერთა” იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის აწ უკვე ყოფილ ფიზიოთერაპევტ ევა კარნეიროს გაუჯავრდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მედიკოსები მსაჯის ნებართვის შემდეგ ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა. მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ აზარი მოედანზე არა დაზიანების, არამედ დაღლილობის გამო იწვა. ტიბო კურტუას გაძევების გამო “ჩელსი” ათი კაცით თამაშობდა და აზარის მოედნიდან გასვლის შემდეგ ლონდონელები მინდორზე ცხრანი დარჩნენ.
ამ ფაქტის შემდეგ ევა კარნეიროს “ჩელსიში” ფუნქციების შესრულება დროებით შეუჩერდა.
მოგვიანებით კარნეიროსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ექიმს მუშაობის გაგრძელების ნება დართეს, თუმცა მან საქმის გაგრძელება არა მოედანზე, არამედ სასამართლოში გადაწყვიტა. “ჩელსიმ” კარნეიროს დავის მშვიდობიანი გზით მოგვარება და კომპენსაციის სახით 1,2 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზა, თუმცა ექიმმა წინადადებაზე უარი თქვა. მარტში ცნობილი გახდა, რომ ევა კარნეირო საფეხბურთო სფეროში დაბრუნებას აღარ აპირებს და გიბრალტარის სამედიცინო კლინიკაში იმუშავებს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ჩვენების მისაცემად მოურინიოსაც დაიბარებენ. მომდევნო სასამართლო სხდომა ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.