„სასკი ბასკონიასა“ და „ფონდ 5+11“ ის განცხადება
საქართველოს მედია საშუალებებში დაბეჭდილ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენს კლუბსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ, ასევე სტატიაში მოყვანილი ბრალდებების და სიყალბის პასუხად, ვალდებული ვართ განვმარტოთ:
ჩვენი კლუბი მიეკუთვნება ევროპული დონის გუნდებს. ის მონაწილეობდა ევროლიგის ყველა ციკლში. ჩვენი კლუბი ერთ–ერთია 11–დან, რომელთაც A ლიცენზია აქვთ მოპოვებული და 5 Euroleague Final Four–ში მონაწილეობდა. წლევანდელი სეზონი იყო მეხუთე.
თავის მხრივ, ჩვენი კლუბი ევროპულ დონეზე აღიარებულია, ვინაიდან მან მოამზადა ყველაზე მეტი მოთამაშე, რომელთაც საბოლოოდ NBA–ში ან უმაღლესი დონის სხვა პროფესიონალურ გუნდებში განაგრძეს ასპარეზობა.
ამ ფონზე, გვაქვს გამოცდილება, მეთოდოლოგია და პროფესიონალები, რათა შევძლოთ მხარი დავუჭიროთ და ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ კალათბურთის სპორტულ სტრუქტურას, ამ შემთხვევაში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას.
თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ეფუძნება ურთიერთობას, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი გუნდის რიგებში, პირველად მის ისტორიაში, ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას თამაშის და კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პროფესიონალიზმის შედეგად.
დასაწყისიდანვე გამოჩნდა ფედერაციის პასუხისმგებელი პირების ქვეყანაში კალათბურთის დონის გაუმჯობესების ამბიციური გეგმა, მუშაობის ნათელი და თანმიმდევრული სტილი და მიმართულება.
შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან. პირველი – ეკონომიკური, რომელიც დაკავშირებულია Baskonia-ს ელიტარულ სკოლასთან, სადაც ყალიბდებიან მსოფლიო დონის მოთამაშეები. შეთანხმების თანახმად, წელიწადში საშუალოდ ორი ქართველი მოთამაშე ჩაირიცხება სკოლაში და გარდა ამისა, გავლენას მოახდენს ქართველი და სხვა კალათბურთელების მომზადების და ჩამოყალიბების უფლების შეძენაზე. ისტორიული მონაცემების თანახმად, ამ შენატანის ეკონომიკურად ამოღება შედარებით მოკლე დროში მოხდება.
ეს შეთანხმება ქართველ მოთამაშეებს (14 წლის ასაკიდან ზემოთ) გზას უხსნის მომზადების და ევროპული პროფესიონალური კალათბურთის ასპარეზზე გასასვლელად, რაც სხვა გზით შეუძლებელი იქნებოდა.
შეთანხმების მეორე ნაწილი გულისხმობს მაქსიმუმ 200.000 ევროს გადახდას პროგრამებში, რომლებიც ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს. ეს ნაწილი შარშან არ შესრულდა.
როგორც ჩვენ, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ვაცნობიერებდით, რომ უნდა გვემუშავა როგორც გეგმაზე საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ.
შიდა გეგმაზე მუშაობა გულისხმობდა: 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენა, ახალი ტალანტების აღმოჩენის შეკრებები, კვალიფიკაციის ამაღლების შეკრებები ესპანეთში, მწვრთნელების კურსები და ა.შ., 5 წლის მანძილზე იმ ასპექტებზე მუშაობა, რომლებსაც ორივე მხარე თვლის პრიორიტეტულად კალათბურთის განვითარებისთვის და სტრატეგიული გეგმის შესაბამისად.
საგარეო გეგმა მოიცავდა: იმედისმომცემი ახალგაზრდების უკეთესი სპორტული მომზადებით უზრუნველყოფა და განსაკუთრებით, უმაღლესი დონის შეჯიბრებაში მონაწილეობა, რაც ეჭვს გარეშე გამოიწვევს მოთამაშის დონის ამაღლებას და ნათელ სვლას პროფესიონალიზმისკენ. რა თქმა უნდა, ეს საქართველოშიც არის შესაძლებელი, მაგრამ ბევრად ნაკლები დონის ტურნირში და ამდენად პროგრესის და წინსვლის ნაკლები შესაძლებლობით.
ახალი სეზონიდან Baskonia-ს სტიპენდიას მიიღებს 2 მოთამაშე, კიდევ 5–ს შემოთავაზება აქვს ესპანური კლუბებიდან, რომ მიიღონ სტიპენდია და ითამაშონ მოსამზადებელ, სასწავლო კატეგორიაში, რაც მთლიანობაში შეადგენს 7 ახალგაზრდა მოთამაშეს, რომლებიც ისწავლიან და მოემზადებიან ესპანეთში, რამენაირი გადასახადის გარეშე მათთვის და მათი მშობლებისთვის.
აქედან გამომდინარე, შეურაცხმყოფელად გვეჩვენება საუბარი, რომ ჩვენთან მყოფ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ არც ოთახები და არც საკვები.
ჩვენთვის შეურაცხმყოფელია საუბარი, რომ სტიპენდიანტი მოთამაშე იძულებული იყო გადაეხადა საცხოვრებელი ხარჯები, სინამდვილეში ამ მოთამაშეს არ მიუღია სტიპენდია და მშობლებმა გვთხოვეს დახმარება, რომ მისთვის მიგვეცა ოთახი. მას გადავახდევინეთ საცხოვრებლის და კვების ხარჯები, თუმცა არ მოვთხოვეთ მწვრთნელების, მომზადების და სპორტული ტანსაცმლის ხარჯების და ა.შ. გადახდა. საზოგადოდ, ჩვენ არ ვიქცევით ასე, მაგრამ ეს გავაკეთეთ საქართველოს პროექტთან თანამშრომლობის მიზნით.
შეურაცხმყოფელია როდესაც საუბრობენ, რომ ერთი მოთამაშე ჩამოვიდა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო 2 თვის შემდეგ. სინამდვილეში მისი ყოფნის დროს სამედიცინო ხასიათის პრობლემების გამო, რეკომენდაცია მიიღო, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში. მის განკარგულებაში იყო კლუბის მთელი სამედიცინო სამსახური.
არ ვაპირებთ იმ კამათში ჩართვას, რომელიც ქვეყნის შიგნით შეიძლება წარიმართოს. არც შეთანხმების შესაბამისობის შეფასებას ვაპირებთ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს.
როგორც კლუბი ვერ მივიღებთ, რომ შეილახოს ჩვენი სახელი, გაილანძღოს ჩვენი ქმედება და ეჭვს ქვეშ დადგეს ჩვენი უნარი, შესაძლებლობა ჩვენს კლუბს და კალათბურთის ფედერაციას შორის დასახული მიზნების მისაღწევად.
კვლავ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ფედერაციასთან ყველა იმ ასპექტში, სადაც შეგვიძლია დავეხმაროთ, რადგან ჩვენს თავზე ავიღეთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ნებაყოფლობითი ვალდებულება ფორმალური წერილობით დაფიქსირებული ვალდებულებების გარდა და რადგან დარწმუნებული ვართ, რომ მიზნები, რომლებიც დავისახეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმების ხელმოწერით, შესრულდება.
უსაზღვროდ ვწუხვართ,რომ პირებმა ვინც მონაწილეობა მიიღეს შეთანხმების შინაარსზე მუშაობაში, აჩვენებდნენ თავიანთ მზადყოფნას და თანხმობას შეთანხმების შინაარსთან და მის შესრულებასთან, ახლა გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებას ფედერაციასთან მოცემული შეთანხმების საშუალებით.
ვიმედოვნებთ, რომ კვლავ არ ვიქნებით გახვეული ტყუილებსა და შეურაცხყოფაში, რაც იძულებულს გაგვხდის შევიტანოთ სარჩელი ჩვენი ღირსების დასაცავად.
ხელს ვაწერ 2016 წლის 5 ივნისს დანიშნულებისამებრ წარსადგენად.
superleague.ge