გამოყენებული ცრემლსადენი გაზი და 36 დაპატიმრებული – რა მოხდა ლილში?
როგორც იცით, დღეს ლანსში ერთმანეთს უელსისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, სწორედ ამის გამო გამოგზავნეს აქ დამატებით 2,400 სამართალდამცავი. მიუხედავად საფრანგეთში საგანგებოდ მობილიზებული უამრავი სამართალდამცავის მეთვალყურეობისა, მათ არეულობას თავი მაინც ვერ აარიდეს.
ლილში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთი ბარის გარშემო შეკრებილმა 200-მდე გულშემატკივარმა, რომლებიც მხიარულად მღეროდნენ, ბარის გარეთ ‘ცეცხლი’ დაანთეს.
პოლიცია მაშინვე მივიდა ამ ადგილზე და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რათა ფანები გაეფანტა.
საღამოს მოხდა რამოდენიმე დაპირისპირებაც ინგლისელ და ფრანგ გულშემატკივრებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კონკრეტული სექტორი სიმშვიდის დაცვას ცდილობდა. ლილის პოლიციამ დაადასტურა, რომ ამ არეულობის შემდეგ 16 გულშემატკივრის საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.
ამის შემდეგ ინგლისელები ქალაქის მთავარ სადგურზე შეგროვდნენ, საიდანაც რუსი ფანები უნდა გამოსულიყვნენ სლოვაკეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ. დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, სადგურზეც მოხდა ჩხუბი, თუმცა პოლიციამ დროულად მოახერხა რუსების უკანა გასასვლელით გაყვანა.
შედეგად პოლიციელებმა 2 რუსი გულშემატკივარი დააპატიმრეს. ფრანგი ჩინოვნიკების თქმით, ამავე ქალაქში მათ აღმოაჩინეს ავტომობილი, სადაც 2 მთვრალი, შეიარაღებული რუსი იმყოფებოდა. ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.
საერთო ჯამში ოთხშაბათს დაპატიმრებულ იქნა 36 გულშემატკივარი, მათ შორის 6 რუსი, რომელიც ინგლისისა და რუსეთის მატჩის დროს მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთ ინგლისელ გულშემატკივარს 5 წლით აუკრძალეს საფეხბურთო მატჩზე დასწრება.