იმედა აშორტია: “რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მაქვს, მთავარია პრაქტიკა მქონდეს”
იმედა აშორტია: “რამდენიმე ვარიანტი არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს სად ვითამაშებ”.
19 წლის თავდამსხმელი იმედა აშორტია, რომელმაც გასული სეზონი მარტვილის “მერანში” გაატარა, ჯერჯერობით უგუნდოდაა, თუმცა მისით რამდენიმე ქართული კლუბია დაინტერესებული და უახლოეს მომავალში გადაწყდება, თუ სად ითამაშებს ფეხბურთელი. მან თავის ყოფილ კლუბთან უერთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა კავშირი. აშორტიამ უმაღლეს ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი “მერანის” რიგებში ლანჩხუთის “გურიასთან” გამართულ მატჩში გაიტანა. მეორე წრეში კი “მერანის” ექს-შემტევი ძირითადად დუბლშემდგენლობის გუნდში გამოდიოდა და 19 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა. ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი გოლი (5) ახალგაზრდა ფეხბურთელმა ფოთის “კოლხეთის” სარეზერვო გუნდს გაუტანა.
“მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე “მერანის” ფეხბურთელი არ ვარ. ამ გუნდთან ბევრი კარგი რამ მაკავშირებს. სწორედ “მერანის” რიგებში მქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში, ამ გუნდის მაისურით გავიტანე პირველი გოლი ქვეყნის პირველობაზე. სამწუხაროდ, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. მართალია, სხვა გუნდში მომიწევს ასპარეზობა, მაგრამ “მერანს’’ ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუბნებული ვარ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნდებიან”, – აღნიშნა აშორტიამ.
— სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
— რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ჯერ ვფიქრობ. ჩემთვის მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. უახლოეს მომავალში გადაწყდება, თუ რომელ კლუბში მომიწევს ასპარეზობა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს ახალ გუნდს წარმატება მოვუტანო.
— ევრო-2016-ზე ვის გულშემატკივრობთ?
— ის გუნდი, რომელსაც მე ვგულშემატკივრობ, გასაგები მიზეზების გამო ევროპის ჩემიონატზე არ იღებს მონაწილეობას – ბრაზილიას ვგულისხმობ. აქედან გამომდინარე, გამორჩეულად არცერთ გუნდს ვქომაგობ, თუმცა მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ფავორტი ესპანეთია. მართალია, მერვედფინალში იტალიის სახით სერიოზული მეტოქე ეყოლებათ, მაგრამ ვფიქრობ ამ ბარიერს ესპანელები გადალახავენ.