ჩავი: “დღევანდელი იტალიის ნაკრები “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ნაზავია”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა ევრო 2016-ის მერვედფინალურ ეტაპზე, ესპანეთსა და იტალიას შორის გასამართი შეხვედრის წინ, იტალიურ გაზეთ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა.
ჩავიმ ორშაბათს გასამართ მატჩზე, გუნდების ძლიერ მხარეებზე, წინა დაპირისპირებებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
– ისევ იტალია-ესპანეთი…
– ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ორივე გუნდს არ გაუმართლა. კარგი იქნებოდა, თუ ამ დაპირისპირებას ნახევარფინალში ან ფინალში ვიხილავდით. ესპანეთმაც და იტალიამაც ორ-ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ანტონიო კონტეს ბრწყინვალე დაცვის ხაზი ჰყავს.
– ალბათ, დაცვის ხაზზე ყურადღება იმიტომ გაამახვილეთ, რომ იტალია შეტევაში ძველებურად კარგი აღარ არის.
– დიახ, თქვენ აღარ გყავთ თავდამსხმელი, რომელსაც ვარსკვლავს ვუწოდებთ, მაგრამ გყავთ ედერი და გრაციანო პელე, რომლებსაც გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. არ დაგავიწყდეთ, რომ სტანდარტულების დროს, შეტევაში დანიელე დე როსი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი მიდიან – ამ ფეხბურთელებს მეტოქის კარის დალაშქვრა ეხერხებათ.
– ჩვენ ლორენცო ინსინიეს სახით გვყავს კარგი, ტექნიკური თავდამსხმელი.
– ასევე, ჩირო იმობილე. იტალიის ნაკრებს სათადარიგოთა სკამზე ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. პელე და ედერი, ფიზიკურად, უფრო ძლიერები არიან. თუ საჭირო იქნება, ინსინიეს და იმობილეს თამაშში ჩართვა შეიძლება.
– როგორ თამაშს ელით?
– საინტერესოს. ბურთი უფრო მეტად ესპანეთის ნაკრებს ექნება, ხოლო როცა მას იტალიელები მიიღებენ, მაშინ სახიფათო შეტევას უნდა ველოდოთ. როცა ესპანეთის ნაკრებს ბურთი არ აქვს, გუნდი კარგად ვერ თამაშობს, ხოლო იტალიის ნაკრების შემთხვევაში, საწინააღმდეგო ვითარებაა – კონტეს ბიჭები ბურთის გარეშეც კარგად მოქმედებენ. იტალიას ბრძოლა უყვარს, ესპანეთს კი მისი ყოველთვის ეშინოდა. “სკუადრა აძურას” წინააღმდეგ არაერთხელ მომიგია, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ შეიძლებოდა, დავმარცხებულიყავით.
– დღესდღეისობით, იტალიის ნაკრების დაცვა დამაჯერებელია…
– რა თქმა უნდა. თქვენ მაშინაც კი არ ნერვიულობთ, როცა ანგარიში 0:0-ია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გუნდები ერთმანეთს ასე ადრე არ უნდა შეხვედროდნენ.
– რომ არა ესპანეთის ხორვატიასთან მარცხი, ეს ასე არ იქნებოდა…
– ხორვატიის ნაკრებთან დამარცხება, ძალიან დიდი შეცდომაა. მოგების შემთხვევაში, ესპანეთს მერვედფინალში უფრო ადვილი მეტოქე ეყოლებოდა. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
– თქვენ გითამაშიათ როგორც დონადონის, ასევე პრანდელის იტალიის ნაკრებთან. ახლა გუნდს კონტე წვრთნის. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა?
– პრანდელის გუნდში უფრო ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობდნენ. 2008 წლის იტალიის ნაკრები (მაშინ მწვრთნელი დონადონი იყო – ავტ.) წარმატების მიღწევას კონტრ-შეტევაზე თამაშით ცდილობდა. დღესდღეისობით, თქვენ ბურთის კონტროლი შეგიძლიათ. ცხადია, ეს იტალიის მთავარი პლუსი არ არის, მაგრამ გყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ეს შეუძლიათ.
– რას იტყვით ანტონიო კონტეზე?
– მან “იუვენტუსში” დაამტკიცა, რომ ძლიერი სპეციალისტია. მისი გუნდი თავს კარგად იცავდა და უბურთოდ შესანიშნავად მოქმედებდა. ჩემი აზრით, იტალიის დღევანდელი ნაკრების სტილი “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” სათამაშო სტილის ნაზავია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თამაშობს “სკუადრა აძურაში”, თქვენ ყოველთვის საშიშები ხართ.
– ტაქტიკურად, როგორ იმოქმედებს იტალიის ნაკრები ორშაბათს გასამართ მატჩში?
– თქვენ 3-5-2 განლაგებით თამაშობთ, რაც მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის. მაგალითად, ესპანეთის ნაკრებს პრესინგის გაკეთება გაუჭირდება. ჩვენი ცენტრალური მცველები თქვენს ორ ცენტრალურ თავდამსმელზე იქნებიან ორიენტირებულები, თუმცა მათ ერთი ფლანგის მცველის დახმარებაც დასჭირდებათ. ცხადია, ასეთ სიტუაციაში კანდრევა ან ფლორენცი უყურადღებოდ დარჩება, ამიტომ დელ ბოსკემ რაღაც სხვა უნდა მოიფიქროს. 2014 წლის მუნდიალზე ჩილემაც და ჰოლანდიამაც ჩვენს წინააღმდეგ ასეთი ტაქტიკა არჩია, ჩვენ კი ორივე შემთხვევაში დავმარცხდით.
– 2014 წლის მუნდიალზე ცუდი თამაშის შემდეგ, დელ ბოსკემ ახალი გუნდი ააშენა.
– ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უფრო კარგად თამაშობს. დაცვიდან შეტევაში კარგად გადავდივართ, მეტოქე გუნდი კი ბურთს იშვიათად იღებს, რაც მათ საგოლე მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევთ. დღეს, ესპანეთის ნაკრებს ჰყავს ინიესტა და ბუსკეტსი – ამ ორს შეუძლია, რომ გუნდი გააერთიანოს. სერხიოს ბურთის დაჭერა შეუძლია, ანდრესი კი შეტევის ორგანიზებას ცდილობს. ვფიქრობ, დღეს, ინიესტა და ბუსკეტსი მთლიანად ესპანეთში საუკეთესოები არიან.
– ესპანეთის ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალია ანგარიშით 4:0 დაამარცხა. რას იტყოდით ამ მატჩზე?
– მაშინ ჩვენმა გუნდმა დელ ბოსკეს ხელში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ფინალამდე, რამდენიმე შეხვედრა არადამაჯერებლად ჩავატარეთ და ცოტათი ვნერვიულობდით კიდეც. თუმცა, ფინალში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.