აგენტი: ბაკას შეძენით ტოპ-კლუბები ინტერესდება
კარლოს ბაკას აგენტმა სერხიო ბარილამ განაცხადა, რომ ”მილანის” ფეხბურთელის შეძენა რამდენიმე ტოპ-კლუბს სურს.
კოლუმბიელი თავდამსხმელი იტალიურ კლუბში გასულ წელს, ”სევილიადან” გადავიდა და პირველივე სეზონში ”როსონერის” საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
როგორც იცით, გასულ სეზონში ”მილანმა” სერია À-ში ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა და ევროთასების მიღმა დარჩა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაკას ”მილანის” დატოვება სწორედ ამიტომ სურს.
”ახლა ჩვენ ”როსონერის” გადაწყვეტილებას ველოდებით,” – ციტირებს ბარილას სიტყვებს Football Italia.
”შემიძლია გითხრათ, რომ ბაკას შეძენით რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბი ინტერესდება,” – აცხადებს აგენტი.
ცნობილია, რომ კოლუმბიელის გადაბირება ”ატლეტიკოს”, ”ბაიერნს”, ”პსჟ”-ს და ”ვესტ ჰემს” სურს.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ბაკამ ”მილანის” მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში 20 გოლის და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.