იურგენ კლოპი: “მანეს პროგრესს 2012 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ვაკვირდები”
ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღიარა, რომ “წითლების” ახალწვეულს, სადიო მანეს რამოდენიმე წლის მანძილზე აკვირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის მანემ, რომელიც აქამდე “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა, კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
“რამოდენიმე წელია, რაც სადიო მანეს ვაკვირდები. ყველაფერი 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მისი გასაოცარი პერფრომანსიდან იწყება, მას შემდეგ მე თვალს ვადევნებდი მის განვითარებას ავსტრიაში და “საუთჰემპტონში”.
ჩემი აქ მოსვლის დღიდან, ბევრს ვესაუბრებოდი კლუბის ხელმძღვანელებს ამ ფეხბურთელის შესახებ. ყოველთვის მქონდა ისეთი გრძნობა, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენთვის შესანიშნავი დანამატი იქნებოდა.
როდესაც მას გავესაუბრე მივხვდი, რომ ეს ტრანსფერი მისთვისაც საკმაოდ ემოციური იყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ფანებსაც ისევე ესიამოვნებათ მისი “ლივერპულის” მაისურში ხილვა, როგორც მე.
კარგია, რომ მისი შეძენა ამ ეტაპზე მოვახერხეთ. ამგვარად ის პრე-სეზონის პირველივე დღიდან ჩვენთან ერთად იქნება.”