მინისტრმა მილტონ ჰეიგს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა
29 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში რაგბის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან შეხვედრა გაიმართა. მორაგბეებს წარმატება მიულოცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ. შეხვედრას დაესწრნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და სამწვრთნელო შტაბი. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც გამარჯვებით დაასრულა ოკეანეთის ტურნე, სამშობლოში დაბრუნდა. მინისტრმა მილტონ ჰეიგს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
ოკეანეთის ტურნეს ეგიდით საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა და ერთი ფრედ, ორი კი გამარჯვებით დაასრულა. ოკეანეთში წარმატებული თამაშის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, რაც სარეკორდო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქართული რაგბის ისტორიაში. წარმატებები აქვს საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებსაც, რომელმაც ინგლისში ჩატარებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. როგორც ცნობილია, მომდევნო ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობას, 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქველმოქმედო ფონდის „ქართუს” დაფინანსებით თბილისში და საქართველოს რეგიონებში აშენდა სარაგბო კომპლექსები და სტადიონები.
1. თბილისში აშენდა სარაგბო ბაზა „ლელო სარასენსი” 5,640 000 ლარი
2. ფოთში აშენდა სარაგბო ბაზა „პარკი-არენა” 7,380 000 ლარი
3. ქუთაისში აშენდა სარაგბო ბაზა „აია არენა” 11, 460 000 ლარი, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 3,800 000 ლარი; აშენდება რაგბის აკადემია 3, 800 000 ლარი
4. თბილისში აშენდა „შევარდენის” სანაკრებო ბაზა 7, 433 000 ლარი
5. მოეწყო ავჭალის სარაგბო სტადიონი 5, 521 000 ლარი
6. ვარკეთილის სარაგბო სკოლაში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 400 000 ლარი
7. აშენდა რუსთავის სარაგბო ბაზა 7, 578 000 ლარი
8. აშენდა მარტყოფის სარაგბო ბაზა 3,452 000 ლარი, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 750 000 ლარი
9. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაიწყო სარაგბო ბაზის მშენებლობა 4,300 000 ლარი
10. დასასრულს უახლოვდება გორის სარაგბო ბაზის მშენებლობა 5, 900 000 ლარი
11. მომავალ წელს დასრულდება ბათუმის სარაგბო ბაზა 7, 700 000 ლარი
12. თელავში დაიწყო ორმოედნიანი კომპლექსის მშენებლობა 5,500 000 ლარი
13. ასპინძის სარაგბო ბაზა -3,240 000 ლ
სულ 16 ობიექტი – სასტუმროების, ბაზების და სტადიონების ჩათვლით
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური