ფრუიძე: ”ზიმბრუ” აუცილებლად მოუმატებს”
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებს „ჩიხურა“ დაუბრუნდა. საჩხერლებს პირველი მატჩის ჩატარება მოლდოვაში „ზიმბრუსთან“ მოუწიათ. საბოლოოდ, „ჩიხურამ“ მეტოქეს 1-0 სძლია.
აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ კომენტარი გააკეთა.
”მნიშვნელოვანია, რომ სტუმრად გამართულ მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ. ”ზიმბრუს” ფეხბურთელებს შეთამაშება აკლიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში გასამართ შეხვედრაში მოუმატებენ.
ჩვენ კარგ მომენტში შევძელით მეტოქის კარის აღება. კიდევ გვქონდა მომენტები, მაგრამ გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ”ჩიხურას” გუნდის თავდამსხმელები მასპინძლების მცველებზე ბევრად სწრაფები იყვნენ.
ამ ეტაპზე, თამაშის ხარისხზე მეტად ყურადღება შედეგს მიექცევა,” – განაცხადა სოსო ფრუიძემ.
შეგახსენებთ, რომ ”ზიმბრუ” – ”ჩიხურას” განმეორებითი ორთაბრძოლა 5 ივლისს გაიმართება.