მხითარიანი: ”იუნაიტედს” დიდი ისტორია აქვს”
როგორც იცით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჰენრიკ მხითარიანი კარიერას ”მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ”წითლებს” ”დორტმუნდის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის შესაძენად 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.
აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ მხითარიანმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
”ბედნიერი ვარ, რომ გადავედი ისეთ დიდ გუნდში, როგორიცაა ”იუნაიტედი”. ინგლისურ გრანდს ძალიან დიდი ისტორია აქვს. იმედია, ახალ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. ერთი სული მაქვს, თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი,” – განაცხადა ფეხბურთელმა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში 27 წლის შემტევმა ”დორტმუნდის” მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში 23 გოლის და 32 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.