მესის მამა რომან აბრამოვიჩს შეხვდა
“ბარსელონას” თავდამსხმელ ლიონელ მესის, რომელსაც გადასახადების დამალვის გამო 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შესაძლოა ლონდონის “ჩელსიში” აღმოჩნდეს. ბრიტანული “სანის” ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის მამა ხორხე მესი, რომელსაც ასევე მიესაჯა 21 თვით თავისუფლების აღკვეთა, ინგლისური კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩს შეხვდა. შეხვედრა რუსი ბიზნესმენის იახტაზე შედგა. თუ ამ სასჯელის გამო მესი კატალონიიდან აბარგების გადაწყვეტილებას მიიღებს, “ჩელსი” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. არგენტინელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ სიტიც” იჩენს. შესაძლო ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 100 მილიონი ფუნტ სტერლინგი სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელს გისოსებს მიღმა ყურყუტი არ მოუწევს, ვინაიდან თუ სასჯელი ორ წელიწადზე ნაკლები ვადისაა და თან პირველი შემთხვევაა, ესპანური კანონმდებლობით, დამნაშავეს პირობით პატიმრობას უფარდებენ.