“სამტრედიამ” “გაბალა” დაამარცხა, მაგრამ ევროპის ლიგას გამოეთიშა
ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “სამტრედიასა” და “გაბალას” შორის უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელებს 5:1 ჰქონდათ მოგებული.
დღევანდელ მატჩში ანგარიში მე-14 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. 42-ე წუთზე თეო ვიქსმა წონასწორობა აღადგინა. როგორც იცით, მან პირველ მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა. “სამტრედიამ” შეხვედრის გამარჯვებით დასრულება მაინც შეძლო: მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლაშა შერგელაშვილმა “გაბალას” კარში მეორე ბურთი გაიტანა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა – 2:1.
ამრიგად, “სამტრედია” ორი მატჩის ჯამში 3:6 დამარცხდა და ევროსარბიელს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.
ევროპის ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი (II მატჩი)
“სამტრედია” — “გაბალა” 2:1 (1:1) (ორი მატჩის ჯამში 3:6)
გოლები: ზივზივაძე 14′ (პენ), შერგელაშვილი 90+2′ — ვიქსი 42′.