ოთარ კაკაბაძე:”კატალონიურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე მქონდა გაფორმებული”
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველებისთვის ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა. თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი, ახალგაზრდა ოთარ კაკაბაძე კატალონიურ “ხიმნასტიკში” გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელმა სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
Fanebi.Com დაუკავშირდა კაკაბაძეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს თქვენს კარერაში. ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს, თუ გქონდათ “ხიმნასტიკის” გარდა, სხვა გუნდებისგან შემოთავაზება?
– მადლობა მოლოცვისთვის. სიმართლე გითხრათ, სხვა გუნდებისგან სერიოზული შემოთავაზება ნამდვილად არ მქონია. “ხიმნასტიკი” ყველაზე კარგი და ოპტიმალური ვარიანტი იყო.
– რატომ აირჩიეთ ესპანური გუნდი?
– კატალონიურ კლუბთან სეზონის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე მქონდა კონტრაქტზე ხელი მოწერილი. შესაბამისად, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ სხვა შემოთავაზება რომც ყოფილიყო, მას ვერც განვიხილავდი.
– როგორი მოლოდინები გაქვთ? თქვენი აზრით, როგორი ატმოსფერო და გარემო დაგხვდებათ გუნდში?
– ხვალ მივფრინავ ესპანეთში და 11-ში შევუერთდები გუნდს. მოუთმენლად ველი, ეს როდის მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ იქ ჩემთვის შესაბამისი გარემო და ხელსაყრელი პირობები დამხვდება; ყველაფერი ის, რაც კარიერის მხრივ წინსვლაში შემიწყობს ხელს.
– როგორ შეაფასებ “ხიმნასტიკის” შანსებს წლევანდელ სეზონში, შეუძლია გადასვლა “პრიმერა დივიზიონში”?
– ვთვლი, რომ “პრიმერა დივიზიონში” გადასვლა შეგვიძლია, მაგრამ ეს იმაზე რთული იქნება, ვიდრე წინა სეზონში. როგორც სარწმუნო ხმები იძახიან, წელს აღნიშნულ ჩემპიონატში ძალიან ბევრი კარგი გუნდია და, შესაბამისად, ძალიან დაძაბული უნდა გამოვიდეს იგი.
– “ხიმნასტიკში” გადახვედით და ეს ნამდვილად დიდი ნაბიჯია. ამ გადმოსახედიდან, თქვენი აზრით, შეგიძლიათ რამდენიმე ხნის შემდეგ უფრო ძლიერ გუნდში ითამაშოთ და უფრო განავითაროთ თქვენი ევროპული კარიერა?
– ვთვლი, რომ ესპანეთის “სეგუნდა დივიზიონი” ამ მომენტში საუკეთესო ვარიანტი არის ჩემთვის. საქართველოს ჩემპიონატიდან მაშინვე დიდ ჩემპიონატში გადასვლა, ფაქტობრივად, ძალიან რთულია, ამიტომ ასე ჯობს. რაც შეეხება ჩემს სამომავლო ევროპულ კარერას, დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა გზას გავიკვლევ და უფრო და უფრო წინ წავალ.