გიორგი გველესიანი:”დინამო” ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება!”
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თბილისის “დინამო” დატოვა ქართველმა მცველმა, გიორგი გველესიანმა. 25 წლის მოთამაშე თბილისურ გუნდში ათწლიანი ასპარეზობის შემდეგ, უკრაინულ კლუბში, ლუცკის “ვოლინში” გადავიდა.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა გველესიანს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა…
– პირველ რიგში, რა იყო “დინამოს” დატოვების მთავარი მიზეზი?
– “დინამოდან” წამოსვლის მიზეზებზე ბევრჯერ ვისაუბრე და აღარ მინდა კონკრეტულ დეტალებზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება. თბილისური კლუბი ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება. მხოლოდ ერთს ვიტყვი, “დინამოდან” ჩემი ნებით არ წამოვსულვარ.
– რა მოგცათ დედაქალაქურმა კლუბმა ამ 10 წლის მანძილზე?
– აქ გატარებულმა ათმა წელმა მომცა უდიდესი გამოცდილება, როგორც ფეხბურთელს, ასევე ადამიანს. “დინამოდან” წამოსულს არსად გამჭირვებია თავის გამოჩენა და ეს სწორედ ამ კლუბის სკოლის დამსახურებაა.
– გქონდათ თუ არა ლუცკის “ვოლინის” გარდა სხვა შემოთავაზებები და რატომ აირჩიეთ ეს გუნდი?
– ახლა ყველაფერს დეტალურად გიამბობთ… როდესაც “დინამო” დავტოვე, ყოველდღე მირეკავდნენ ქართული კლუბების წარმომადგენლები და მათ გუნდებში თამაშს მთავაზობდნენ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მაგარამ ამ ზაფხულზე გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერისთვის უფრო უპრიანი უცხოეთში წასვლა იქნებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლვოვის “კარპატის” წინადადება. მარტივად რომ აგიხსნათ, მათი შემოთავაზება ასე ჟღერდა: “ჩამოდი, ერთი მატჩი ითამაშე და ხელშეკრულებას გაგიფორმებთ.” ჩავედი ლვოვში, ჩავატარე შეთანხმებული შევხედრა და არ დამიტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. მიუხედავად ამისა, ისე არ მოხდა ყველაფერი, როგორც იყო დაგეგმილი, რადგან მწვრთნელი შეიცვალა გუნდში. შემდეგ იმასთანაც მომიწია თავის გამოჩენა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ხელმძღვანელიც მალევე მოხსნენს თანამდებობიდან და კიდევ ახალი დამრიგებელი მოვიდა. მე პირდაპირ მივედი მასთან და ვუთხარი, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიეღო ჩემთან დაკავშირებით. მან მთხოვა, შეკრებაზე გავყოლოდი და იქ დამაკვირდებოდა; მხოლოდ ამის შემდეგ მეტყოდა, დამტოვებდა გუნდში თუ არა… მე მაშინვე უარი ვუთხარი და ლუცკის “ვოლინის” შემოთავაზებას დავთანხმდი.
“ვოლინთან” ხელშეკრულება გავაფორმე, თუმცა ველოდები, როდის მისცემენ გუნდს ფეხბურთელის ოფიციალურად დამატების უფლებას. აქვე გეტყვით, რომ უკრაინული გუნდის გარდა, რამდენიმე სხვა შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე ეს კლუბი ავირჩიე, რადგან ჩემი პრიორიტეტი უკრაინის ჩემპიონატია. აქ სეზონის განმავლობაში ბევრ ძლიერ მეტოქეს შევხვდებით და ეს ჩემს, როგორც ფეხბურთელის, განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
– რა მიზნებისთვის იბრძოლებს “ვოლინი” ამ სეზონში?
– ამ სეზონში ჩვენ მიზნად დაგვისახეს, მინიმუმ, “ევროპის ლიგის” ზონაში მოხვედრა.
– უკრაინის ჩემპიონატში გადასვლა, თქვენი აზრით, როგორ აისახება სანაკრებო კარიერაზე?
– ჩემი აზრით, თუ აქ თავს კარგად წარმოვაჩენ, ძალიან გაიზრდება იმის შანსები, რომ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად გამომიძახონ და ჩემი ქვეყნის ღირსება დავიცვა.