ალექსანდრე მეტრეველმა ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ჰოლანდიურ ამსტელვეენში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარი გახლდათ.
მეტრეველი ჰოლანდიურ ფიუჩერსზე მე-6 ნომრად იყო განთესილი და ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ჩოგბურთელმა საჩემპიონო გზაზე როი სარუტ დე ვალკი (ჰოლანდია) – 6:2, 6:4, მაქსიმილიან ნოიკრისტი (ავსტრია) – 3:6, 6:3, 6:4, მილაან ნიესტენი (ჰოლანდია) – 6:7 (4:7), 7:5, 6:1, ბოტიკ ვან დე ზანდშულპი (ჰოლანდია) – 6:2, 1:6, 7:5 და იელე სელსი (ჰოლანდია) – 6:2, 6:0 დაამარცხა.
წყვილთა ტურნირში მეტრეველი და ბელარუსი დმიტრი ჟირმონტი ნახევარფინალში გავიდნენ და ჰოლანდიურ დუეტთან (ნიესტენი-ვესტერჰოფი) 5:7-ს აგებდნენ, როდესაც თამაში შეწყვიტეს.
მომავალი კვირიდან ალექსანდრე პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაგეგმილ ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) ითამაშებს, სადაც ის პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული.