ამსტერდამის “აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელი ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს
დღეს ს.კ. „ტორპედო“ ქუთაისთან კონტრაქტი სურინამული წარმოშობის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იურგენ რომანო კოლინმა გააფორმა. დიდი სათამაშო გამოცდილების და წარმატებული კარიერის მქონე ცენტრალური მცველი „ტორპედოს“ გარდამავალ ეროვნულ ჩემპიონატში დაეხმარება.
იურგენი 35 წლისაა. იგი ქალაქ უტრეხტში დაიბადა.თავიდან „უტრეხტის“ და „პსვ“- ს ახალგაზრდულ გუნდებში ბურთაობდა.
2000 წელს „პსვ“-ს ძირითადში მოხვდა. შემდეგ იყო ბელგიური „გენკი“, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მერე კვლავ ჰოლანდიაში დაბრუნდა, ჯერ „ბრედაში“ და ისევ „პსვ“-ში ითამაშა, საიდანაც ინგლისური პრემიერ ლიგის „ნორვიჩში“ მოხვდა და ამ კლუბში 3 სეზონი გაატარა.
„ნორვიჩიდან“ იურგენ კოლინი ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა და გუნდთან ერთად ქვეყნის თასის მოიპოვა. ჰოლანდიური გრანდიდან კოლინი ესპანური პრიმერა დივიზიონის „ხიხონმა“ იხმო. და კვლავ ჰოლანდია, ამჯერად „ვალვაიკი“. ამ კლუბიდან ფეხბურთელმა კვიპროსულ „ანორთოსისს“ მიაშურა და 3 წელი ირჯებოდა მისთივის. უკანასკნელი 2 სეზონი კი კოლინმა ისრაელში, ჯერ თელ ავივის, შემდეგ კი აშქელონის „ჰაპოელში“ ითამაშა.
იურგენ კოლინის „ტორპედოში“ მოსვლა ვეტერანი ფეხბურთელს, სპორტულ მენეჯერს, ფიფას ლიცენზირებულ აგენტს გოგა გახოკიძეს უკავშირდება. გოგა გახოკიძემ „პსვ“- ში თამაშის პერიოდში გაიცნო კლუბის ახალგაზრდული გუნდის მცველი და მას შემდეგ მასთან მეგობრულ ურთიერთობას არ წყვეტს. სწორედ გახოკიძის წინადადებით ჩამოვიდა კოლინი ქუთაისში.
სხვათა შორის, ჰოლანდიელი ადრეც ყოფილა საქართველოში. 2011-12 წლების ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მას „ანორთოსისის“ რიგებში „გაგრას“ წინააღმდეგ აქვს ნათამაშევი…
წყარო: FC Torpedo Kutaisi