19 ივლისი “დინამოს” ისტორიაში
სამშაბათს 19 ივლისს, “დინამო თბილისი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას “ალაშკერტის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩს ერევნის, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი უმასპინძლებს. დაპირისპირება 19.00 საათზე დაიწყება.
19 ივლისს, “დინამოს” თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან თბილისელებმა სამჯერ იმარჯვეს, ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს და ხუთჯერ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 12/12.
1949 წელს “დინამო” მოსკოვში “ვვს”- ს ეთამაშა და 2:3 დამარცხდა. ანდრო ზაზროევმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. 1961 წელს დონის როსტოვის “სკა”-თან თბილისელებმა ფრედ 1:1 ითამაშეს. როსტოველთა კარში გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა.
ოთხი წლის შემდეგ, “დინამომ” იმავე გუნდს უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლით დამარცხდა. 1967 წელს მოსკოვის “სპარტაკმა” გვაჯობა 1:0, მომდევნო სეზონში კი იმავე ანგარიშით კუიბიშევის “კრილია სოვეტოვთან დავმარცხდით”.
1972 წელს, ბაქოში ჩატარებული შეხვედრა “ნეფთჩის” გამარჯვებით 3:1 მორჩა. ერთადერთი გოლი ბაქოელთა კარში დავით ყიფიანმა გაიტანა. 1981 წელს მინსკში “დინამოსთან” შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძლებს ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა. რამაზ შენგელიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი დავით ყიფიანის და ნუკრი კაკილაშვილის ანგარიშზეა.
2005 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში დინამომ ტალინის “ლევადი”ა მიიღო და ლევან მელქაძისა და სერგი ორბელაძის გოლებით 2:0 აჯობა მეტოქეს. 2007 წელს თბილისელებმა უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიხტენშტეინის “ვადუცს”უმასპინძლეს. დინამომ ეს მატჩიც 2:0 მოიგო, გოლები კი გიორგი მერებაშვილმა და ჯორჯ აკირემმა გაიტანეს.