კიტეიშვილი: “გოლის გატანას ვეცდებით!”
ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ერევნის “ალაშკერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის. ქართველებმა დედაქალაში 2:0 იმარჯვეს და საკმაოდ კომფორტული სიტუაცია შეიქმნეს ნახსენები შეხვედრის წინ.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა “დინამოს” მოთამაშეს, ოთარ კიტეიშვილს და მასთან თამაშთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.
“2:0 კარგი უპირატესობაა, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მეორე ნომრად ვითამაშებთ თუ არა, ამას თვითონ შეხვედრის სცენარი გვიჩვენებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “დინამო” არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დაცვაში ჩადგომას. ეს ჩვენი სტილი არაა! ჩვენ ვეცდებით მეტოქის კარის აღებას მის სტადიონზეც!”
“ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდში საკმაოდ კარგი სიტუაციაა. რაც შეეხება ფიზიკურ კონდინციებს, ამ მხრივ აღინიშნება მიკროტრამვები, თუმცა საგანგაშო არაფერია და არ მგონია, რომ ამან ჩვენს თამაშზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს.”
“რა თქმა უნდა, გულშემატკივრის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ჩვენ ჩვენი თამაშით უნდა გადავუხადოთ მადლობა თითოეულ ფანს,” – განაცხადა “დინამოს” შემტევმა.