მეტრეველმა პოზნანის ჩელენჯერი მოიგო
ქართველმა ალექსანდრე მეტრეველმა და ტაივანელმა ჰსიე-იინ პენგმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართული ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მოგება მოახერხეს.
მეტრეველს და პენგს მე-3 განთესვა გააჩნდათ და ჯამში 4 მატჩის მოგება მოახერხეს. ქართველმა და ტაივანელმა ჩოგბურთელებმა პოლონელებს – გავრონს და მაიროვიჩს 6:4, 6:2 სძლიეს, ყაზახ ნედოვესოვს და ფრანგ სიდორენკოს – 6:2, 7:5, ფრანგებს – დუმბიას და სახაროვს – 6:1, 6:2, ხოლო ფინალში პოლონელებს (კოვალჩიკი-მაირჩაკი) აჯობეს – 6:4, 3:6, 10:8.
შეგახსენებთ, რომ მეტრეველი პოზნანში ერთეულთა ტურნირშიც თამაშობდა, თუმცა, პირველ წრეში არგენტინელ აგუსტინ ველოტისთან 6:7 (2:7), 2:6 დამარცხდა.
მომავალ კვირას მეტრეველი ძალებს იტალიურ რეკანატიში დაგეგმილ ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მოსინჯავს. ალექსანდრეს მეტოქე იტალიელი ალესანდრო ბეგა იქნება. წყვილებში მეტრეველი და ბელარუსი დმიტრი ჟირმონტი ამერიკელებს (ბარნეტი-ვიტენი) ეთამაშებიან.