პარუნაშვილი: “იდეალური პირველი ტაიმი იყო”
დღეს თბილისის “დინამომ” ერევანში “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ჩაატარა “ალაშკერტის” წინააღმდეგ. მატჩი 1:1 დასრულდა და ქართველები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ; ორი თამაშის ჯამში – 3:1.
დედაქალაქური გუნდის მოთამაშემ, ლაშა პარუნაშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“საერთო ჯამში, კარგი მატჩი გამოვიდა. დეტალურად რომ მივყვეთ, პირველი ტაიმი იდეალური იყო. ზედმიწევნით შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები. საწყის 45 წუთში მოპოვებულმა უპირატესობამ გამოიწვია ის, რომ მეორე ნახევარში მოვდუნდით და მეტოქემ ეს კარგად გამოიყენა. მოდუნება დაუშვებელია და ეს შეცდომა იყო! მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.”
“შემდეგ ეტაპზე უფრო მეტი კონცენტრაციით ვიასპარეზებთ. ჯერ ჩვენი მეტოქე არ გარკვეულა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული შეხვედრები გველის; მესამე საფეხურზე ხომ სუსტი მეტოქეები არ არსებობენ,” – განუცხადა ლაშამ Fanebi.Com-ს.