საქართველოს ნაკრები ესპანურ გრანდებს ეთამაშება
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გრანდიოზულ პროექტს გეგმავს. საქართველოს დედაქალაქი ევროპის გრანდ კლუბებს უმასპინძლებს, რომლებთან ერთადაც საერთაშორისო ოთხთა ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირში, რომელსაც „იბერიის თასი“ ერქმევა და რომელიც 20-23 სექტემბერს დაიგეგმა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ესპანური კლუბები – „რეალი“, „ბარსელონა“ და „ლაბორალ კუჩა“ მიიღებენ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს 17 სექტემბერს ამთავრებს, რის შემდეგაც ესპანურ გრანდებთან ერთად თბილისის სუპერტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის მსვლელობისას გაიმართება კემპი მოზარდი კალათბურთელებისთვის, რომლებსაც ესპანური კლუბებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები დაესწრებიან. ტურნირზე დელეგაციით ჩამოვა კლუბ „ლაბორალ კუჩას“ ხელმძღვანელობა, რომლის წევრებიც საორგანიზაციო საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი და გრანდიოზული ღონისძიებისთვის აუცილებელ ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებენ.
კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური