კაკაბაძე: “”ვილიარეალთან” ნაჩვენები თამაშით თუ ვიმსჯელებთ, “ლა ლიგაში” გადასვლის დიდი შანსი გვაქვს”
ამ ზაფხულზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი წავიდა უცხოურ ჩემპიონატში სათამაშოდ. ოთარ კაკაკბაძემ კატალონიურ “ხიმნასტიკს” მიაშურა, სადაც ჩვენი თანამემამულე, გიორგი აბურჯანია გამოდის. “დინამოს” ყოფილ მოთამაშეს რამდენიმე დღის წინ “ვილიარეალის” წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი. აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში კაკაბაძემ პირველი ნახევარი ითამაშა და ნამდვილად არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა 20 წლის სპორტსმენს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– პირველ რიგში, ყველას აინტერესებს, როგორი ატმოსფეროა გუნდში და გაქვთ თუ არა ის პირობები, რომლებიც მარტივ ადაპტაციაში დაგეხმარებათ?
– მშვენიერი განწყობაა კოლექტივში. ძალიან პოზიტიური ატმოსფერო სუფევს. აქ ყველაფერია, რაც ნამდვილ ფეხბურთელად მაგრძნობინებს თავს. შესაბამისად, ადაპტაციაც საერთოდ არ მიჭირს. მოკლედ, ამ მხრივ პრობლემა, ფაქტობრივად, არ მაქვს.
– რამდენიმე დღის წინ “ვილიარეალთან” ითამაშეთ და 1-2 დამარცხდით. როგორ შეაფასებთ შეხვედრას და შეგეძლოთ თუ არა მინიმუმ ფრის მიღწევა?
– რა თქმა უნდა, ფრეც და მეტიც, ჩვენ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი შეხვედრა ათი კაცით ვიასპარეზეთ, საკმაოდ მაღალ ტემპში ვთამაშობდით და ბევრი მომენტიც შევქმენით. მაგრამ ეს ამხანაგური მატჩი იყო და რთულია ამ თამაშის მიხედვით იმის გარკვევა, თუ ვის რა შეეძლო.
– პირველი ტაიმი ითამაშეთ. ინდივიდუალური თვალსაზრისით, როგორ შეაფასებთ დებიუტს? დარჩა თქვენი ასპარეზობით გუნდის ხელმძღვანელობა კმაყოფილი?
– პირველი თამაშისთვის, შესაძლებელია, ითქვას, ნორმალურად გამოვიყურებოდი. უფრო მეტი მინდოდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ოფიციალური შეხვედრებია, სადაც ვეცდები, ამაზე გაცილებით უკეთესად ვიასპარეზო.
– აბურჯანია მთელი შეხვედრა სათადარიგოზე იჯდა და მოედანზე არ გამოსულა. ხომ ვერ გვეტყვით, რა მიზეზით მოხდა ეს? ის გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მისი სათადარიგოზე დაჯდომა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია…
– წინა დღეებში “აბუს” ფეხი აწუხებდა, რის გამოც 3 დღე მოუწია დასვენება. ამ მატჩში კი შეეძლო მონაწილეობის მიღება, მაგრამ, მაინც ამხანაგური იყო და, აღარ გარისკეს.
– აღნიშნეთ, რომ ამხანაგურით რთულია დასკვნების გაკეთება, მაგრამ მაინც რომ თქვათ, თქვენი აზრით, ასეთი თამაშით რა შანსები აქვს “ხიმნასტიკს” “სეგუნდა დივიზიონში”?
– იმ თამაშით, რაც “ვილიარეალთან” აჩვენა გუნდმა, დიდი შანსია, რომ “პრიმერა დივიზიონში” გადავიდეთ. უბრალოდ, წელს “სეგუნდაში” ბევრი კარგი კლუბი ითამაშებს და ეს ძალიან რთული იქნება.