ავსტრალიის დელეგაციამ ოლიმპიურ სოფელში დაბინავება არ ისურვა
ავსტრალიის დელეგაციამ რიოს ოლიმპიურ სოფელში დაბინავება არ ისურვა. დელეგაციის წევრების თქმით, საცხოვრისები მობინადრეების მისაღებად მზად არ არის და შესაბამისად, ოლიმპიურ სოფელში ცხოვრება საფრთხის შემცველია.
“აქ პრობლემები თვალსაჩინოა. ძალიან რთულია ერთბაშად 20 ათასი ადამიანის მიღება ისეთ განსაზღვრულ სივრცეში, როგორიც ოლიმპიური სოფელია. ეს ჩემთვის მეხუთე ოლიმპიადაა და ასეთი რამ მანამდე არ მინახავს. ამ მომენტისთვის ეს ოლიმპიური სოფელი სტუმრების მისაღებად მზად არ არის”, – განაცხადა ავსტრალიის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიტი ჩილერმა.
ავსტრალიის დელეგაცია ოლიმპიურ სოფელში სველი წერტილებითა და კავშირგაბმულობით დარჩა უკმაყოფილო. დელეგაცია ოლიმპიური სოფლის მახლობლად მდებარე სასტუმროებში დაბინავდა. ავსტრალიელები იმედოვნებენ, რომ პრობლემები მალე მოგვარდება და ოლიმპიურ სოფელში უახლოეს პერიოდში გადაბარგდებიან. დანარჩენ გუნდებსაც ანალოგიურ პირობებში მოუწევთ ცხოვრება, თუმცა მათ ოლიმპიურ სოფელში დაბინავებისგან უარი ჯერჯერობით არ უთქვამთ.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები სამხრეთ ამერიკაში პირველად ტარდება.