გიორგი ჭანტურია: ”რუსეთში თამაშით დიდ გამოცდილებას მივიღებ”
როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ”დუისბურგიდან” რუსულ ”უფაში” გადაბარგდა.
23 წლის გარემარბი უკვე ეკატერინბურგში ჩაფრინდა და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.
– გიორგი, გვითხარი, როგორ აღმოჩნდი ”ურალში”?
– კლუბის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და აგენტს უთხრეს, რომ ჩემი შეძენა უნდოდათ. ამის შემდეგ, ოჯახის წევრებს დაველაპარაკე და მივხვდი, რომ ”ურალი” კარგი ვარიანტი იქნებოდა.
– რუსეთის ჩემპიონატში ადრეც თამაშობდი. იცნობ ”ურალიდან” რომელიმე ფეხბურთელს?
– კი, ვოვა ხოზინას. ”ალანიაში” ერთად ვიყავით.
– რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში არ გითამაშიათ. თქვენი აზრით, შეიცვალა რამე?
– დიახ, დიდი დრო გავიდა, თუმცა მაშინ საკმაოდ მაღალი დონე იყო. რუსეთის ჩემპიონატში ახლაც ბევრი კარგი გუნდი თამაშობს და აქ თამაშით დიდ გამოცდილებას მივიღებ.
– ეკატერინბურგში როდის ჩამოხვედით?
– ღამით ჩამოვფრინდი. 10 საათია რაც ქალაქში ვარ, რამდენიმე ადგილი დავათვალიერე და ჩემი ბინის ნახვაც მოვასწარი.
– ურალის ყინვებზე გსმენია?
– ამის შესახებ უკვე ბევრმა ადამიანმა მითხრა, თუმცა პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ამან ხელი არ უნდა შემიშალოს. იმედია, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები.
– რუსული, დათბილული ჩექმები თუ წამოიღე?
– არა, (იცინის). როგორც კი აცივდება, წავალ და ვიყიდი.
– მთლიან ჯგუფთან ერთად რატომ არ ივარჯიშე?
– გუშინ ღამით ჩამოვედი და ნორმალურად გამოძინებაც ვერ მოვასწარი. დღეს, ინდივიდუალურად ვივარჯიშე და ხვალიდან ჯგუფსაც შევუერთდები.