გელა ინალიშვილის “ზუგდიდმა” უკრაინელი ინვესტორები დააინტერესა
გელა ინაშვილის ზუგდიდურმა “ზუგდიდმა” უკრაინელი ინვესტორები დააინტერესა. ადგილობრივი გამოცემის, Livepress-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ის 10 აგვისტომდე დასრულდება.
კლუბის დირექტორის, გელა ინაშვილის თქმით, ის არ აპირებს გუნდის მთლიანად გასხვისებას – “ვფიქრობ 50-50-ზე იქნება. ჩაიდება პირობებიც გასხვისების სანაცვლოდ, გუნდის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მინიმუმ 5 წელიწადზე მოხდება გათვლა. ინვესტორი ვალდებული იქნება თანხა ჩადოს და მიხედოს გუნდს. ალბათ ქალაქსაც ეშველება, რადგან ქალაქის ბიუჯეტიდან მიდოდა თანხა“.
მისი თქმით, კლუბს, გუნდს, ფინანსებს ინვესტორები უკვე აკვირდებიან, რის შემდეგაც გადაბარების პროცესი დაიწყება.
„ზუგდიდი“ უკვე წლებია ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. კლუბისთვის მიმდინარე წელს მილიონ 200 ათასზე მეტი გამოიყო, რაზეც არასამთავრობო სექტორის ნაწილმა უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა, მით უმეტეს იმ შედეგების ფონზე, რაც გუნდს ქონდა და აქვს. მათი განმარტებით, კლუბისთვის თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს.