პრემიერ ლიგა: პირველი ტურის პრევიუ
როგორც იქნა! სულ მალე პრემიერ ლიგის გიჟური სეზონი აიღებს სტარტს. კარგა ხანია, რაც ერთ ჩემპიონატში ამდენ ტოპ-დონის სპეციალისტსა და ფეხბურთელს არ მოუყრია თავი.
ჟოზე მოურინიო, იურგენ კლოპი, არსენ ვენგერი, პეპ გვარდიოლა, ანტონიო კონტე, მაურისიო პოჩეტინო, უოლტერ მაცარი და რონალდ კუმანი – განსაკუთრებულ სეზონს გვპირდებიან ეს მწვრთნელები ისეთ ფეხბურთელებზე დაყრდნობით, როგორებიც არიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჰარი კეინი, სერხიო აგუერო, რომელუ ლუკაკუ, კევინ დე ბრუინი, ლეროი სანე, მესუტ იოზილი, ალექსის სანჩესი და ა.შ.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) ჩემპიონატის პირველი ტურის ანონსი შემოგთავაზოთ…
პრემიერ ლიგის 2016/17 წლების გიჟურ სეზონს, მოქმედი ჩემპიონისა და ახლადგადმოსული “ჰალ სიტის” დაპირისპირება გახსნის. “მელიების” მთავარი მიზანი ამ მატჩში 3 ქულის მოპოვება იქნება, “ვეფხვები” კი ეცდებიან, ფრეს მაინც გამოკრან ხელი.
“ჰალ სიტის” რიგები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მუჰამედ დიამემ, სონე ალუკომ და რაიან ტეილორმა დატოვეს. სანაცვლოდ, 112 წლის კლუბმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, უილ მანიონი დაიმატა.
ზღაპრული სეზონის შემდეგ, “ლესტერის” რიგები მათი წარმატების ერთ-ერთმა შემოქმედმა, ნ’გოლო კანტემ დატოვა, რომელიც კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს. ამასთანავე, “მელიებს” ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა უწევთ, რათა კლუბის კიდევ ერთი ლიდერი, რიად მაჰრეზი არ წავიდეს გუნდიდან. რაც შეეხება მათ მონაგარს, ინგლისის ჩემპიონებმა აჰმედ მუსა და ბარტოშ კაპუსტკა დაიმატეს.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, “ბარნლი” პირველი ტურის მატჩში უელსურ “სუონსის” დაუპირისპირდება. მატჩი “ბარნლის” საშინაო არენაზე, “ტერფ მურზე” გაიმართება, რომელიც 21, 000 გულშემატკივარს იტევს.
დიდი ალბათობით, სწორედ ამ მატჩში შედგება ახლადგადმოსულთა ახალწვეულის, გუდმუნდსონის დებიუტი, რომელმაც თავი ევროპის ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობით დაგვამახსოვრა.
რაც შეეხება უელსურ გუნდს, შეიძლება ითქვას, რომ “გედები” საკმაოდ დაუძლურდნენ – გუნდიდან წავიდნენ: ეშლი უილიამსი, ალბერტო პალოში, ედერი, გომისი, ალფეი და ანდრე აიუ. საპასუხოდ, ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდმა ამ დროისთვის მხოლოდ 3 ფეხბურთელის დამატება მოახერხა, რომელთაგანაც გამოსარჩევია ფერნანდო ლორენტე.
ბრიტანულ ჩემპიონატში ახლადგადმობარგებული “მიდლსბროს” პირველი მეტოქე უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბი, “სტოკ სიტი” იქნება. სპეციალისტები საკმაოდ დაძაბულ და მწირგოლიან მატჩს ელიან.
ზაფხულში, აიტორ კარანკას გუნდი რამოდენიმე ვარსკვლავით გაძლიერდა (მათ შორის დაუძლურებული ვარსკვლავებითაც). საუბარია ვიქტორ ვალდესზე, გუზანზე, ალვარო ნეგრედოსა და ბერნარდო ესპინოსაზე.
“სტოკი” კი ჯო ალენით გაძლიერდა, რომელმაც ევრო-2016-ზე შესანიშნავი ასპარეზობით ყველას დაამახსოვრა თავი. თუმცა, მისი, შაქირისა და არნაუტოვიჩის “მიდლსბროსთან” თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
არასახარბიელო 2015/16 წლების სეზონის შემდეგ, “კამფეტები” ახალ სეზონს ახალი იმედებით ხვდებიან. რონალდ კუმანის “ევერტონის” პირველი მეტოქე საკმაოდ ძლიერი “ტოტენჰემი” იქნება, რომლის მიზანიც ჩემპიონობა გახლავთ.
როგორც იცით, ზაფხულში “ევერტონის” თავკაცის პოსტი რობერტო მარტინესს დაატოვებინეს და მის ნაცვლად რონალდ კუმანი მოიყვანეს, რომელიც ახალგაზრდებთან მუშაობის უდიდესი ნიჭით არის ცნობილი
რაც შეეხება “ტოტენჰემს”, მაურისიო პოჩეტინომ ვიქტორ ვანიამა და ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ვინსენტ იანსენი დაიმატა. იმის ფონზე, რომ “მამლებმა” მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შენარჩუნება მოახერხეს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მათი მუშაობა დადებითად შეიძლება შეფასდეს.
2016 წელი ალან პარდიუს “კრისტალ პალასისთვის” ნამდვილად საშინლად დაიწყო და ასევე გაგრძელდა. თუმცა, “არწივებს” იმედი აქვთ, რომ ყველაფერი ცუდი გასულ სეზონს გაყვება და ახალი სეზონის პირველ მატჩში “ვესტ ბრომის” დამარცხებას შეძლებენ.
“კრისტალ პალასის” რიგები საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა: გეილი, ქეთინგსი, მაკარტი, შამახი, ადებაიორი და ა.შ. სანაცვლოდ “არწივებმა” ანდროს ტაუსენდი, ჯეიმს ტომკინსონი და სტივ მანდანდა დაიმატეს.
ტონი პულისის გუნდის შემადგენლობა კი თითქმის არც შეცვლილა. “ალბიონი” მხოლოდ მეტ ფილიპსის დამატებით დაკმაყოფილდა.
ახალი სეზონის გახსნით მატჩში “წმინდანების” მეტოქე “უოტფორდი” იქნება, რომელიც მილანის “ინტერის” ყოფილმა თავკაცმა, ვოლტერ მაცარიმ ჩაიბარა. “საუთჰემპტონის” მოვლა-პატრონობას კი კლაუდ პულმა მოკიდა ხელი.
უოლტერ მაცარის გუნდი ზაფხულში ისააკ საქსესით, კრისტიან კაბასელეთი, ბრაის ჯა ჯეჯეთი, ჟერომ სინქლეარითა და კამილო სუნიგათი გაძლიერდა. მომავალ სეზონში ისინი ევროპა ლიგაზე გასვლისთვისაც აპირებენ ბრძოლას.
“წმინდანებმა” კი ჰოიბიერგის დამატება მოახერხეს “ბაიერნიდან”. გარდა ამისა, გუნდს შეუერთდნენ ნათან რედმონდი, ჟერემი პიდი და ალექს მაკკარტი.
13 აგვისტოს, “ეტიჰად სტადიუმზე” საჩემპიონო მიზნების მქონე “მანჩესტერ სიტი” “სანდერლენდს” დაუპირისპირდება, რომელიც ახლახან ჩაიბარა დევიდ მოიესმა. ბუნებრივია, “ქალაქელებს” ამ მატჩში მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებს.
რაც შეეხება გუნდებში მომხდარ ცვლილებებს – “სიტი” მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. გუნდში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ილკაი გიუნდოგანი, ჯონ სტოუნზი, ლეროი სანე, ნოლიტო და ა.შ. – ასე რომ კლუბი აშკარად გაძლიერდა.
იგივეს ვერ ვიტყვით “შავ კატებზე”, რომელთა რიგებიც ემანუელე ჯაკერინიმ, სტივენ ფლეტჩერმა, ოლა ტოივონენმა, დეანდრე იედლინმა და სხვა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. მსგავსად “სიტისა”, მწვრთნელი გამოიცვალა “სანდერლენდმაც” – ინგლისურ კლუბს “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ევერტონისა” და “რეალ სოსიედადის” ყოფილი თავკაცი ჩაუდგა სათავეში.
ჟოზე მოურინიო პრემიერ ლიგას “ბორნმუთთან” გასამართი მატჩით დაუბრუნდება. პორტუგალიელი სპეციალისტის მიზანი რა თქმა უნდა, უხერხული მეტოქის დამარცხება და მანჩესტერში 3 ქულის წამოღებაა, თუმცა “ალუბლები” “ეშმაკებს” ბრძოლის გარეშე არ დანებდებიან.
ჩვენი თქმა არ სჭირდება იმას, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა “მან. იუნაიტედისთვის” მართლაც რომ გიჟური იყო. მოურინიომ გუნდში უმაღლესი დონის ვარსკვლავები მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგის გარეშე იყო. საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ პოლ პოგბამ, ჰენრიკ მხითარიანმა და ზლატან იბრაჰიმოვიცმა მატჩი სასტარტოდან დაიწყონ.
“ბორნმუთის” სატრანსფერო პოლიტიკა კი შედარებით მოკრძალებული იყო. გუნდიდან წასულ ფეხბურთელთაგან მეტ რიჩის გამორჩევა შეიძლება, ხოლო ახალწვეულთაგან – ჯორდან აიბის.
პრემიერ ლიგის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეიტს სტადიუმზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი დაუპირისპირდება. გამომდინარე აქიდან, მოედანზე ორივე გუნდი მოსაგებად გავა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ამ ორი გუნდის მუშაობა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან – იურგენ კლოპმა “ენფილდზე” სრული გადატრიალება მოაწყო, მაშინ, როდესაც ვენგერი ჩვეულებრისამებრ, ჩუმად, მშვიდად მოქმედებდა. “ლივერპულმა” სადიო მანე, მატიპი, კარიუსი, ვეინალდუმი, კლავანი, მანიგერი და გრუიჩი დაიმატა, “არსენალმა” კი – ჯაკა, ჰოლდინგი და ტაკუმა ასანო.
“არსენალს” შესაძლოა, გუნდის სამი ლიდერი ვერ დაეხმაროს აღნიშნულ მატჩში. საუბარია პერ მერტესაკერზე, მესუტ იოზილსა და ოლივიე ჟირუზე. “ლივერპულელთა” მხრიდან კი გრუიჩის, სტარიჯისა და მილნერის თამაშია საეჭვო.
მტკივნეული სეზონის შემდეგ (2015/16), “არისტოკრატები” გვარწმუნებენ, რომ “ჩელსი” კვლავ პრემიერ ლიგის სათავეში მოექცევა. აღზევების პირველი ნაბიჯი კი საკმაოდ უხერხული მეტოქის, “ვესტ ჰემის” დამარცხება უნდა იყოს.
რომან აბრამოვიჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის, “სტემფორდ ბრიჯი” გუნდის არცერთ ლიდერს არ დაუტოვებია. კლუბი კი ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერდა, როგორებიც არიან: ნ’გოლო კანტე, მიში ბატშუაი და ხუან კვადრადო.
რაც შეეხება “ვესტ ჰემს”, სლავენ ბილიჩი ცდილობს, კლუბის ისტორიაში ახალი თავი დაწეროს. “ოლიმპიურ სტადიონზე” გადაბარგებას “ვერ მოესწრო” ტომკინსონი, რომელმაც 243 მატჩი ჩაატარა “ჩაქუჩების” მაისურით. სამაგიეროდ, გუნდმა დაიმატა ანდრე აიუ და სოფიანე ფეგული.