“დინამოს” სტატისტიკა ბერძნული კლუბების წინააღმდეგ
ევროპის ლიგის ფლეი-ოფში თბილისის “დინამო” ბერძნულ პაოკ-ს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 აგვისტოს ჩვენს დედაქალაქში ჩატარდება, ხოლო განმეორებით შეხვედრას თესალონიკი უმასპინძლებს.
მოდით, გადავავლოთ თვალი, “დინამოს” დაპირისპირებების ისტორიას ბერძნულ კლუბებთან.
თბილისური კლუბი ევროთასებზე აქამდე შვიდჯერ შეხვედრია ბერძნულ გუნდებს. ერთი მატჩი ჩვენებმა მოიგეს, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა და სამჯერაც მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთები კი ბერძენთა სასარგებლოდაა 5/10.
პირველად ელადურ გუნდს ლურჯ-თეთრები თავის ტრიუმფალურ ევროსეზონში დაუპირისპირდნენ. 1980 წლის 17 სექტემბერს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/16 ფინალში “კასტორიამ” უმასპინძლა “დინამოს” და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა. საპასუხო მატჩი “დინამო არენაზე” 1 ოქტომბერს შედგა და მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს. გოლები კი რამაზ შენგელიამ და ვლადიმერ გუცაევმა გაუტანეს ბერძნებს.
2004 წლის 1 დეკემბერს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე “პანიონიოსმა” ათენში უმასპინძლა “დინამოს” და 5:2 დაამარცხა ჩვენი გუნდი. ანგარიში მიხეილ კაკალაძემ გახსნა, აპოსტოლოს მანციოსმა კი გაათანაბრა. ამ უკანასკნელმა თამაშში ჰეთ თრიქი შეასრულა. შემდეგ ლადო ახალაიამ დააწინაურა სტუმრები, ხსენებულმა აპოსტოლოსმა კი კვლავ აღადგინა სტატუს ქვო და შემდეგ წინ გაიყვანა მასპინძლები. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ჯერ მარიო ბრეშკამ გაიტანა ერთი გოლი, ხოლო კარლოს მარკორამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა.
2008 წლის 30 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში “პანათინაიკოსმა” აპოსტოლოს ნიკოლაიდისის სტადიონზე მიიღო ჩვენი გუნდი. ანდრეას ივანშიცის გოლს, დიმიტრის სალპინგიდისმა დუბლი მიაყოლა და ათენელებმა 3:0 იმარჯვეს. 6 აგვისტოს “დინამო არენაზე” გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
2011 წელს ასევე ევროპა ლიგის ფლეი-ოფში და ასევე 18 აგვისტოს ჩვენი გუნდი ათენში ადგილობრივ აეკ-ს შეხვდა. სპიროს ლუისის სახელობის სტადიონზე ათენელებმა ხოსე კარლოსის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 იმარჯვეს. საპასუხო მატჩი 25 აგვისტოდ “დინამო არენაზე” გაიმართა და თბილისელთა მიერ დებიუტში გატანილი გოლით აღინიშნა. ზუსტად და შედეგიანად ალექსანდრე კოშკაძემ ითამაშა. მატჩის ძირითადი დრო ესეც დასრულდა, დამატებით ტაიმში კი ლეონარდუმ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა, ანგარიშიც გაათაბრა და საბოლოოდ თავის გუნდს ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოუტანა. აღსანიშნავია, რომ “დინამოს” დღევანდელი შემადგენლობიდან აეკ-ს წინააღმდეგობას მიკელ ალვარო და ჯაბა ჯიღაური უწევდნენ.
წყარო: Fcdinamo.Ge