დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (16 აგვისტო)
“ევერტონმა” იანიკ ბოლასი დაიმატა
“ევერტონის” ოფიციალური საიტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “კრისტალ პალასის” ყოფილი ფეხბურთელი, იანიკ ბოლასი კარიერას “გუდისონ პარკზე” გააგრძელებს. იანიკმა “ევერტონთან” 5-წლიან კონტრაქტი გააფორმა.
მერსესაიდული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას, 27 წლის ბოლასიმ განაცხადა: “ევერტონი” დიდი კლუბია, რომლის შესახებაც ბევრი რამ ვიცი, რამეთუ მათ წინააღმდეგ წლების მანძილზე მიწევდა ასპარეზობა. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც ამ კლუბის მაისურს მოვირგებ.
ჩემთვის მთავარი ფული არ არის, მთავარი კლუბის ამბიციურობა და ატმოსფეროა. წინ მართლაც რომ განსაკუთრებული სეზონი გველის.”
ბრავო “მანჩესტერ სიტიში”?
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტიმ” “ბარსელონასთან” კლაუდიო ბრავოს თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. როგორც ირკვევა, ინგლისელები მეკარეში 16 მილიონ ევროს გადაიხდიან.
გაბიგოლის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსისა” და “ინტერის” გარდა, გაბრიელ ბარბოსას შეძენას “მანჩესტერ იუნაიტედიც” შეეცდება. შეგახსენებთ, რომ “იუვე” ბრაზილიელ თავდამსხმელში 20 მილიონ ევროს, ხოლო “ინტერი” 25 მილიონ ევროს იხდის.
დარმიანი “ნაპოლის” უახლოვდება
დიდი შანსია, “მანჩესტერ იუნაიტედის” მარჯვენა მცველი, მატეო დარმიანი “ნაპოლიში” ვიხილოთ. Football Italia-ს ცნობით, სავარაუდოა, რომ იტალიელ ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოს გუნდში თამაში იშვიათად მოუწიოს.
ედეგორს “რენში” გაანათხოვრებენ?
ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ მადრიდის “რეალი” მარტინ ედეგორს ერთი წლით ფრანგულ “რენში” გაანათოხვრებს. როგორცი ირკვევა, ედეგორის შეძენა გერმანულ კლუბებსაც სურდათ, თუმცა ზიდანმა ახალგაზრდა ფეხბურთელი დაარწმუნა იმაში, რომ მან ლიგა 1-ს უნდა მიაშუროს.
ცესკ ფაბრეგასი მადრიდის “რეალს” შესთავაზეს
Sport-ის ცნობით, ლონდონური “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველის წარმომადგენლები ცესკ ფაბრეგასის პოტენციური ტრანსფერის თაობაზე მადრიდულ “რეალს” დაუკავშირდნენ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში, ანტონიო კონტემ “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა და მის ნაცვლად ნახევარდაცვის კონტროლი ნემანია მატიჩს, ნ’გოლო კანტესა და ოსკარს დაავალა.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკი “ბარსელონას” ცნობილ აკადემიაში, “ლა მასიაშია” აღზრდილი და ამ კლუბის რიგებშიც აქვს ნათამაშები, ის მაინც გადავა მათი მოსისხლე მტრის ბანაკში, თუ რა თქმა უნდა, ამას მადრიდელები ისურვებენ.