დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (24 აგვისტო)
მარკო მარინი “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელია
ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “ჩელსის” უკვე ყოფილი მოთამაშე, მარკო მარინი ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა. 27 წლის მოთამაშე 2012 წელს ჩაირიცხა “არისტოკრატთა” რიგებში, მაგრამ 2013-2016 წლებში იგი “სევილიაში, “ფიორენტინაში”, “ანდერლეხტსა” და “ტრაბზონსფორში” იყო განათხოვრებული.
რემი “კრისტალ პალასში”?
კრისტიან ბენტეკეს შეძენის შემდეგ, “კრისტალ პალასის” “ჩელსის” თავდამსხმელის, ლოიკ რემის დამატებასაც აპირებს. Le10Sport-ის ცნობით, “კრისტალ პალასი” ფრანგ ფეხბურთელში 12 მილიონ ევროს გადაიხდის.
ფრანგული პრესა: “კანკავა “მალაგასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს”
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ “დნიპრო” 2015 წლის ზაფხულში დატოვა და ფრანგულ “რეიმსში” გადავიდა. ეს გუნდი სეზონის ბოლოს უსახური ასპარეზობის გამო “ლიგა 2”-ში გადავიდა. ჯაბას გუნდის დატოვება სურს, რადგან საფრანგეთის ქვედა ლიგაში თამაში მას ხელს არ აძლევს.
როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Foot-sur7 იტყობინება, ქართველი ესპანური “მალაგას” ინტერესთა სფეროში მოექცა. პირენეელები “რეიმსის” მესვეურებს დაუკავშირდნენ და ჯაბას ტრანსფერის თაობაზე ისაუბრეს. თუმცა, ჯერ არაფერია გარკვეული.
პსჟ მატუიდიში 30 მილიონ ევროს ითხოვს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” ბლეზ მატუიდიში 22 მილიონ ევროს იხდის, თუმცა პარიზელები ნახევარმცველში 30 მილიონს ითხოვენ.
“რეალისთვის” ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს
Cadena Cope-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალისათვის” ხამეს როდრიგესის თაობაზე ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს. დიდი ალბათობით, კოლუმბიელი ფეხბურთელი ამ ზაფხულში კლუბს არ გამოიცვლის.