ოთარ კაკაბაძე: “ავსტრია ძლიერი გუნდია, მაგრამ მისი დამარცხება შეგვიძლია”
სექტემბერში სტარტს აიღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას 5 რიცხვში ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.
ზემოთ აღნიშნული თამაშისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გაფართოებული სია უკვე დაასახელა. ამ ჩამონათვალში ესპანური “ხიმნასტიკის” ქართველი ლეგიონერი, ოთარ კაკაბაძეც მოხვდა. Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ახალგაზრდა სპორტსმენს და კომენტარის გაკეთება სთხოვა.
“ავსტრია ძლიერი გუნდია, თუმცა მათი დამარცხება სრულიად შესაძლებელია. მით უმეტეს, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ეს ნამდვილად დიდი უპირატესობაა.”
“ნაკრების წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება, რა თქმა უნდა. მთავარია, ყველა თამაშისთვის სერიოზულად და პასუხისმგებლიანად მოვემზადოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.”
ოთარს მის ესპანურ კარიერაზეც ვკითხეთ: “ხიმნასტიკში” ყველაფერი კარგად მიდის. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია. თავს კომფორტულად ვგრძნობ და განვაგრძობ შრომასა და ბრძოლას, რათა ძირითად თერთმეტეულში ადგილი მყარად დავიმკვიდრო,” – განგვიცხადა ქართველმა სპორტსმენმა.