იარაბეკი: “ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დაინახეს, რომ მეტი შრომაა საჭირო”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა ევროპის ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში, პაოკ-თან საბერძნეთში განცხდილი მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“როგორც აღვნიშნე, პაოკ-ი ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, უკვე მე-5 წუთზე გოლი გავუშვით. თუმცა, ამის შემდეგ შანსი ჩვენც გვქონდა. ვფიქრობ, მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, თუმცა არბიტრზე მეტს არ ვისაუბრებ.
რა თქმა უნდა, დღეს გამარჯვება გვსურდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდა. ასევე, სწრაფმა გოლმა დიდი როლი ითამაშა. ფაქტობრიბად, თავდამსხმელის გარეშე ვითამაშეთ, რადგან დვალიშვილსაც ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან მოედანზე გასვლამდე რამდენიმე ნემსი გაიკეთა.
ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის აქ თამაში კარგი გამოცდილებაა, რადგან მათ დაინახეს, რომ წარმატების მისაღწევად უფრო მეტი შრომაა საჭირო,” – განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.