დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (27 აგვისტო)
ბალოტელის “პალერმოში” თამაში სურს?
“პალერმოს” პრეზიდენტი, მაურისიო ძამპარინი აცხადებს, რომ მარიო ბალოტელის მის გუნდში თამაში სურს.
“მინო რაიოლას დავურეკე, მან კი მალევე ტელეფონი მარიო ბალოტელის მიაწოდა. მარიომ მითხრა, რომ ის “პალერმოში” თამაშით მოხარული იქნებოდა. ჩვენ ეკონომიკურ სიტუაციაზე ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ ამჟამად დიდი ხელფასის გადახდა არ შეგვიძლია. ჩვენ ბალოტელით დაინტერესებულები ვართ. ვნახოთ, რა მოხდება”, – თქვა ძამპარინიმ.
პაშალიჩი დღეს “მილანთან” კონტრაქტს გააფორმებს
ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, მარიო პაშალიჩმა “მილანში” სამედიცინო შემოწმება გაიარა, დღეს კი კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. 21 წლის ნახევარმცველი “როსონერიმ” იჯარით დაიმატა.
კანკავა “რეიმსში” რჩება?
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯაბა კანკავა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “რეიმსს” არ დატოვებს, შესაბამისად, იდი შანსია იმისა, რომ მან კლუბი აგვისტოს შემდეგაც არ გამოიცვალოს.
კლოპი: “ჰენდერსონი რჩება”
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ბოლო დროს ბრიტანულ პრესაში ჯორდან ჰენდერსონის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნახევარმცველი გუნდს არ დატოვებს.
“მე მას ყოველდღე ვხედავ და ვიცი, როგორი მონდომებითაც ვარჯიშობს. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ის “ლივერპულში” რჩება”, – თქვა კლოპმა.