დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 აგვისტო)
ბუდუ ზივზივაძე “გაბალაში” ითამაშებს
“სამტრედიას” თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე აზერბაიჯანულ “გაბალაში” ითამაშებს. ამ ინფორმაცია Azerifootball.com ავრცელებს.
22 წლის ფეხბურთელმა, რომან გრიგორჩუკის ყურადღება ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, “სამტრედიასა” და “გაბალას” შორის გამართულ მატჩებში მიიპყრო. ზივზივაძემ 7 ივლისს აზერბაიჯანელთა კარის დალაშქვრაც მოახერხა.
“შალკეს” “ჩელსის” ამომავალი ვარსკვლავი სურს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენზელკეხენის “შალკეს” “ჩელსის” მცველის, კურტ ზუმას იჯარით აყვანა სურს. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელმა წინა სეზონში მუხლის ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე უქმობა მოუწია. ახლა ფრანგი ახალგაზრდა ფიტნესდარბაზში ვარჯიშობს და ცდილობს, ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს.
“არისტოკრატთა” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სურს, სრულყოფილი დაცვა ჰყავდეს. ზუმა კი ჯერ არაა ოპტიმალურ კონდიციებში. თუ იგი “შალკეში” გადავა ნახევარ წლიანი იჯარით, შეეძლება, იქ თამაშით სასურველ ფორმას დაუბრუნდეს და შემდეგ “ჩელსიში” წამოვიდეს.
ლესკოტი ქეცბაიას აეკ-ში ითამაშებს
თემურ ქეცბაიას აეკ-მა ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, ჯოლეონ ლესკოტი დაიმატა. 34 წლის ფეხბურთელმა ათენურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლესკოტი აეკ-ში ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს, ამ დროის მანძილზე კი 800 000 ევროს და დამატებით, ბონუსებს მიიღებს.
“რეალმა” “ჩელსი” უარით გაისტუმრა
Daily Mirror-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსიმ” მადრიდის “რეალს” ხამეს როდრიგესის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, თუმცა “სამეფო კლუბი” ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.
პაკო ალკასერმა “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმება გაიარა
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაკო ალკასერმა კატალონიის “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. 22 წლის ფეხბურთელი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.