გვარდიოლა: “არავინ თამაშობს ისე კარგად, როგორც…”
რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო ჯგუფები გამოვიდა, სადაც სანახაობრივი შეხვედრები უნდა ვიხილოთ. ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტია”, რომელთა დაპირისპირებაც, წესით, უმაღლესი დონის უნდა გამოვიდეს.
“ბლაგურნას” ყოფილმა და “ქალაქელების” ახლანდელმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ნახსენებ დაპირისპირებაზე ისაუბრა…
“იმაზე ადრე შევხვდი ჩემს ყოფილ გუნდს, ვიდრე ველოდი? ალბათ, ასეა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვება გვინდა და ამას შევეცდებით ესპანელების წინააღმდეგაც.”
“ბარსელონასთან” წარმატების მიღწევა ურთულესია. ეს გუნდი საოცრად თამაშობს. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის ყველაფერია, რასაც ლუის ენრიკე აკეთებს კოლექტივისთვის. რა თქმა უნდა, მოთამაშეებიც უმაღლესი დონის არიან. მიმაჩნია, რომ ამ დონის კლუბი თანამედროვე ფეხბურთში არაა.”
“ვახსენე “ბარსა”, მაგრამ მიუნხენგლადბახის “ბორუსიაც” ნუ დაგვავიწყდება. არც მათთან მოგვიწევს იოლი შეხვედრების ჩატარება,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.