ქართველი სპორტსმენების რიოს პარალიმპიადაზე გაცილების ცერემონია გაიმართა
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართა. პარალიმპიელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და კომპანია BP-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში კრის შლიტერი შეხვდნენ და წარმატება უსურვეს. სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1 სექტემბერს, 03:35 საათზე გაემგზავრება.
წელს ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა: პარაძიუდო – ზვიად გოგოჭური – იასპარეზებს 10 სექტემბერს, 10:00 საათზე; პარამშვილდოსნობა – ვანო წიკლაური – იასპარეზებს 10 სექტემბერს, 15:00 საათზე; წოლჭიმი (შტანგა) – აკაკი ჯინჭარაძე – იასპარეზებს 13 სექტემბერს, 16:00 საათზე; ეტლით ფარიკაობა – ირმა ხეცურიანი – იასპარეზებს 14 სექტემბერს, 09:00 საათზე და პარაცურვა – ლია ჩაჩიბაია – იასპარეზებს 14 სექტემბერს, 09:30 საათზე.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, პარასპორტსმენებისთვის პირობები უფრო და უფრო უმჯობესდება, რათა კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ.
”ჩვენ პარალიმპიელებისთვის შევქმენით ყველანაირი სივრცე იმისთვის, რომ მათ ღირსეულად ივარჯიშონ და ჰქონდეთ წარმატება. ისინი მიემგზავრებიან ოლიმპიადაზე და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ შედეგს აჩვენებენ. ვცდილობთ, რომ პირობები უფრო და უფრო გავაუმჯებესოთ, რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ”, – განაცხადა ნარმანიამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, გუნდში განწყობა პოზიტიურია.
”ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ პარალიმპიელებს მომზადებისთვის განსაკუთრებული პირობები აქვთ. ამის შედეგია, რომ ჩვენი დელეგაცია სარეკორდო რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. განწყობა გვაქვს პოზიტიური. გუნდში გვყავს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები და გვაქვს იმედი, რომ ისინი მედლებით დაგვიბრუნდებიან. მე ვფიქრობ, რომ ის დადებითი ენერგია და ემოცია, რომლითაც ისინი მიემგზავრებიან, განაპირობებს, რომ გაახარონ ჩვენ გულშემატკივრები”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
პარალიმპიელები რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კომპანია BP-ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან. კომპანია BP წარმოადგენს საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პარტნიორს 2012 წლიდან. კომპანიის მიზანი საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობაა. საქართველოში კომპანიის გენერალური მენეჯერის, კრის შლიტერის თქმით, სასიხარულოა, რომ ქართველი სპორტსმენები რიოში მიემგზავრებიან.
”მე მინდა BP-ის მხრიდან გამოვხატო ღრმა პატივისცემა თითოეული ათლეტის და მწვრთნელის მიმართ. მათ ყველაფერი გააკეთეს პარაოლიმპიადაზე ასპარეზობისთვის და დამსახურებულად მოიპოვეს ლიცენზიები. გვიხარია, რომ ქართველი სპორტსმენები მიდიან რიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი პარასპორტსმენები ასეთ დიდ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივადევნებთ თვალს”, – აღნიშნა BP-ის გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში კრის შლიტერმა.
შშმ პირთა პირველი საერთაშორისო შეჯიბრი 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
1989 წლიდან კი ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 177 ქვეყნის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარალიმპიელები მონაწილეობენ ზაფხულის და ზამთრის 31 სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა (წოლჭიმი), ველოსპორტი, ეტლით კალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ჰოკეი, ეტლით ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.
პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი – იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობაში და მე-8 ადგილი დაიკავა.
რიოს 2016 წლის პარალიმპიური თამაშები 7 სექტემბერს გაიხსნება და 18 სექტემბერს დაიხურება.