ანტონ ფეიქრიშვილი ”ალსტერში” ითამაშებს
”ბორჯღალოსანთა” ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი მოკლევადიანი კონტრაქტით ალსტერს სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შეუერთდა. 28 წლის პირველხაზელის კონტრაქტი 19 დეკემბრამდე გაგრძელდება და ის კლუბში 3 მორკინალს შეცვლის, რომლებიც ტრავმის გამო გამოაკლდნენ გუნდს.
ფეიქრიშვილი 2007/08 წლებში საფრანგეთის ისეთი წამყვანი კლუბების მოთამაშე იყო, როგორებიცაა ”აჟენი”, ”კასტრი”, ”ბრივი” და ”ბაიონი”. 2010-2014 წლებში ანტონი კასტრის ჰეინეკენის თასის რაზმის მთავარი წევრი იყო, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში 12 მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
”ბორჯღალოსანთა” რიგებში მისი სანაკრებო დებიუტი 2008 წელს შედგა და მას შემდეგ დღემდე 23 კეპი მოიხვეჭა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლეს ქისი ადასტურებს, რომ ფეიქრიშვილი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ”ალსტერს” შეუერთდება და ეს ფაქტი კლუბზე დადებითად აისახება:
„ტრავმების გამო სამი მოთამაშე გვაკლია. ამ მიზეზით ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მოკლევადიანი კონტრაქტით ახალი მოთამაშე დაგვემატებინა. ანტონი გამოცდილი და მობილური მოთამაშეა, რომელიც ამ უმნიშნელოვანეს პოზიციას მომდევნო თვეების განმავლობაში დაიკავებს. ქართველები ტრადიციულად ძალიან ძლიერი მორკინალები არიან, ანტონიც მათ რიგებშია და მისი თამაშის სტილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“