ხეჩიკაშვილმა მსოფლიო პირველობიდან ტრიუმფით დაბრუნებული ახალგაზრდა მოჭიდავეები მიიღო
2 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან ერთად, მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობიდან დიდი წარმატებით დაბრუნებულ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს ახალ სპორტის სასახლეში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრას ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილიც ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა არნახულ წარმატებას მიაღწიეს.
ქართველმა ფალავნებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ – დავით ჩხარტიშვილი (55 კგ), რამაზ ზოიძე (66 კგ), გიორგი მელია (96 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ), ბრინჯოას მედალი კი ნუგზარ წურწუმიამ (50 კგ) მოიპოვა .
აღსანიშნავია, რომ რამაზ ზოიძემ წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მანამდე კი მას ჭაბუკებში აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, ზვიად პატარიძისთვის კი ეს მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე მოპოვებული ზედიზედ მეოთხე ოქროს მედალია, „ახალგაზრდა ლომად” წოდებული პატარიძე ორჯერ ჭაბუკებში 2013-2014 და ორჯერ ახალგაზრდებში 2015-2016 გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
მთავარ მწვრთნელ ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა შარშანდელი ბრწყინვალე შედეგი გაიმეორა და გუნდური ჩემპიონობა არავის დაუთმო, ჩვენმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 51 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა რუსეთის და ირანის ნაკრებები რომლებმაც 40 და 34 ქულით შესაბამისაც მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური