მოყვარულთა თასი დაიწყო
11 სექტემბერს, ჩხოროწყუში “მოყვარულთა თასმა” აიღო სტარტი. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი იღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონია ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სიტყვით მიმართა. მან ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის სამოყვარულო თასის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვა.
გახსნის მატჩში ერთმანეთს ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდები ჩხოროწყუს “დაბა” და მუხურის “მასქური” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩხოროწყუს “დაბამ” მეტოქეს ძლია და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა.
მოყვარულთა თასში მთელი საქართველოს მასშტაბით 5000- ზე მეტი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას, ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.